იუსტიციის მინისტრის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი გადამოწმდა და არ დადასტურდა – რას აპირებს სამინისტრო?!

იუსტიციის სამინისტრომ ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეასწავლინა. როგორც მინისტრი აცხადებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ემპათიის“ დასკვნა სარწმუნო არ არის.

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია ყოველთვის გარკვეული სპეკულაციის საგანია. როგორც თავიდან განვაცხადეთ, ვაგრძელებთ იმ მიმართულებას, რომ საზოგადოება ყოველთვის იყოს სათანადოდ ინფორმირებული. კერძოდ, მოგეხსენებათ, ეს საკითხი ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ინტერესს საზოგადოებაში. განსაკუთრებით მინდა, ვისაუბრო ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაზე.

კერძოდ, მსჯავრდებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ან გადავადება, რასთან დაკავშირებითაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, 2022 წლის 8 დეკემბერს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. ამ შემთხვევაში სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა და გამოტანილი დიაგნოზები, რამდენად შესაბამისობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან.

ჩვენ 2023 წლის 26 იანვარს ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროდან მივიღეთ დასკვნა, რაც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები. თამამად უნდა ითქვას, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, ცენტრ „ემპათიას“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი. ეს დასკვნა სასამართლოს შესაბამისი წესით წარედგინება და ბუნებრივია, სასჯელის გადავადებასა და მისი მოხდისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შემდგომი მსჯელობა გაგრძელდება სასამართლოში“, – განაცხადა მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

 

მსგავსი თემები