,,შსს ღონისძიებების ჩატარებისას რუსულ და ბელარუსულ ტექნოლოგიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს”- ელენე ხოშტარია

,,შსს საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებისას, მათ შორის საზღვარზე, რუსულ და ბელარუსულ ტექნოლოგიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რომელიც მათ საინფორმაციო სისტემით უზრუნველყოფს,”- ამის შესახებ პარტია „დროას“ ხელმძღვანელმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

ხოშტარიას თქმით, ამ თანამშრომლობის შედეგად, რუსებს შეუძლიათ, რომ საქართველოს მოქალაქეების პირად მონაცემებზე წვდომა ჰქონდეთ.

„მინდა გუშინ On.ge-ს გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურო, რომელიც ორგანიზაცია „ფორსეტის“ საგამოძიებო მასალას ეყრდნობა, რომელშიც ჩვენი მთავრობის რუსეთთან ძალიან სახიფათო თანამშრომლობის შესახებ არის ნათქვამი. სავარაუდოდ, რუსეთს წვდომა აქვს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. მასალაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილიცაა მოყვანილი. მასალით დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებისას, მათ შორის საზღვარზე, რუსულ და ბელარუსულ ტექნოლოგიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რომელიც მათ საინფორმაციო სისტემით უზრუნველყოფს. ამ თანამშრომლობის შედეგად, რუსებს შეუძლიათ, რომ საქართველოს მოქალაქეების პირად მონაცემებზე წვდომა ჰქონდეთ. ამაში შედის: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ფოტო, თითის ანაბეჭდი, თვალის ფერადი გარსი და სახის მახასიათებლები. ამ ტექნიკური გადაწყვეტის შედეგად, კრემლთან დაახლოებულ ტექნოლოგიურ ორგანიზაციას შეუძლია, რომ უწყვეტი რეჟიმით ჰქონდეს ეს ინფორმაცია. ასევე, მათ შეუძლიათ იცოდნენ საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შესახებ და deep fake-ის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ, რაც ბევრ პროპაგანდისტულ სპეცოპერაციაში გამოიყენება. ამ თანამშრომლობით ჩვენი უსაფრთხოება, პრაქტიკულად, რუსეთის ხელშია.

შენ თუ ზრუნავ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და მიგაჩნია, რომ შენი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა რუსეთია, შეუძლებელია, რომ ტექნოლოგიური გადაწყვეტა რუსეთში იპოვო, თუ მათთან განსაკუთრებული კავშირი არ გაქვს. ეს ამ ხელისუფლების შეგნებული არჩევანია. რაც მთავარია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ამ კომპანიასთან თანამშრომლობს“, – განაცხადა ელენე ხოშტარია.

მსგავსი თემები