,,სამართლებრივი აბსურდი გრძელდება, ეს არის უპრეცედენტო რამ”- მამუკა ხაზარაძე

,,ის, რომ მე თქვენს წინაშე ვდგავარ, 4 წელია მიმდინარეობს ეს სასამართლო და ჩვენ არ ვართ საპყრობილეში, ნიშნავს, რომ აბსურდული საქმე, ფულის გათეთრება არ არსებობს,” – ასე ეხმაურება “ლელო საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათ საქმესთან დაკავშირებით დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი.

„ეს სამართლებრივი აბსურდი გრძელდება, ეს არის უპრეცედენტო რამ. ის, რაც პირველმა ინსტანციამ და დღეს უკვე სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, ეს არის სამართლებრივი აბსურდი. გვედავებიან იმ საქმეზე, რომელზეც პროკურატურას წერილობით აქვს, ჯერ კიდევ 4 წლის წინ, დადასტურებული, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამ საკითხზე რომც ჰქონოდათ რაიმე პრეტენზია, წერილობით აქვთ დადასტურებული, რომ ამაზე არ გვედავებიან და არ გვედავებოდნენ, არც გვიკამათია ამ საკითხზე. რაზეც ბრალს გვდებენ, აბსოლუტურად ნონსენსია. კითხეთ ნებისმიერ იურისტის, ან პირველი კურსის სტუდენტს – ბრალდება წაგვიყენა მოსამართლემ და არა პროკურატურამ, მსგავსი რამ არსად წერია, რომ ბრალი წაგიყენოს მოსამართლემ, რომელზეც პროკურატურა არ გედავება. ეს დღეს ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილმა მონებმა გაიმეორეს თუთიყუშივით. მათ სიტყვა ვერც კი თქვეს, ვერც პირველმა და ვერც მეორე ინსტანციამ, რომ ფულის გათეთრება არ ყოფილა და ჩვენ ვართ მართლები. ის, რომ მე ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ და ის, რომ 4 წელია ეს სასამართლო მიმდინარეობს, ჩვენ კი არ ვართ საპყრობილეში, ნიშნავს, რომ აბსურდული საქმე – ფულის გათეთრება არ არსებობს. ამ თემასთან და ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა ბრალდება ჩვენ წინაშე არ ყოფილა. ერთადერთი რაზეც გვედავებოდნენ იყო ფულის გათეთრება, რომელიც არ ყოფილა. ეს არც პირველ და და არც მეორე ინსტანციაში არ დადასტურდა. რაც ახლა გამოიგონეს და საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დაადასტურეს, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

მსგავსი თემები