ავლაბარში ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები დაიწყეს

თბილისის ისნის რაიონის გამგეობამ, ავლაბარში, ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოები სამ მისამართზე დაიწყო. ამ დროისთვის, საცხოვრებელი სახლის კონსტრუქციული მდგრადობისთვის სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირის N63-ა-ში, კასპის ქუჩის N2-სა და არარატის ქუჩის N23-ში მიმდინარეობს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, გამაგრების სამუშაოები ავლაბარში წლეულს, უკვე მესამე სახლს უტარდება. პროექტის მიზანია შენობებს მდგრადობის ხანგრძლივი ვადით შენარჩუნება და ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანებისთვის საფრთხის აცილება.

​მათივე ინფორმაციით, პროექტები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. სამივე მისამართზე მიმდინარე სამუშაოები გამგეობამ 132 369 ლარით დააფინანსა.

​ავარიული სახლების გამაგრების სამუშაო პროცესს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„პროცესში აქტიურად ვართ ჩართული, სამუშაოების ხარისხს და ვადებს მკაცრად ვაკონტროლებთ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების სურვილის შემთხვევაში, მაქსიმალურად შევეცდებით, ისანში მდებარე თბილისურ ეზოებს ახალი სიცოცხლე შევძინოთ“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

“მედიაცენტრი მთავარი” ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა. ცუდი საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, მათი უმეტესობა უარს ამბობს საცხოვრებლად ავლაბრიდან ქალაქის სხვა რაიონში გადასვლაზე, თუმცა ნაწილი თანახმაა, ინვესტორის შემოსვლის შემთხვევაში საცხოვრებელი უბანი შეიცვალონ.

ავლაბარი თბილისის ერთ-ერთი ძველი და ისტორიული უბანია, სადაც საბინაო პრობლემა უკვე წლებია, ძალიან მწვავედ დგას. აქ უმეტესად ძველი შენობები დგას. მათი დიდი ნაწილი უკვე დანგრეული და დაცლილია. მოსახლეობა მოითხოვს, გარკვეული ნორმის ფარგლებში მერიამ ან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების უფლება მისცეთ, ან ინვესტორის შემოსვლის შემთხვევაში საცხოვრებელი ფართებით ადგილზე დააკმაყოფილონ. ყველა მათგანის საერთო პოზიციაა, რომ ავლაბარში K2 კოეფიციენტი მკაცრად უნდა იყოს დაცული და მაღალი შენობები არ აშენდეს.  

მსგავსი თემები