კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე ექთანს 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსი ექთანი თეა ბეგიაშვილი სასამართლომ პატიმრობის გარეშე დატოვა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. საუბარია  კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე.

როგორც ექთანმა სასამართლოზე აღნიშნა, მას გადაცდომა არ ჩაუდენია და სრულად უდანაშაულოს.

„ჩემს საქციელში გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ხელმოწერა, რომელიც ფიქსირდება პაციენტის დანიშნულების ფურცელში, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, იმის დასტურია, რომ დანიშნულებაში მოცემული მედიკამენტები ჩემ მიერ იყო დატოვებული პაციენტთან. დღესაც იმავე მდგომარეობაში ვართ ყველა პაციენტთან. თეა ბეგიაშვილი ტოვებს მედიკამენტს, ამით დავადასტურე, რომ ზუსტად ეს მედიკამენტები გაუკეთდა იმ პაციენტს და ის თეა ბეგიაშვილმა დატოვა“, – აღნიშნა ექთანმა სასამართლოზე.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მათი მტკიცებით, პაციენტის მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმებისა და ექთნების მიერ ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი, „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, რომლებშიც უთითებდნენ ინფორმაციას პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტებისა და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით ადასტურებდნენ ექიმი და მორიგე ექთანი, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს სამედიცინო მანიპულაციები.

2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი, რითიც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა სამედიცინო ისტორიაში მოათავსა.

მსგავსი თემები