„საკუთარი ღირსების დაცვა“ – ამ სლოგანით რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის საპროტესტო აქცია გაიმართა

რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი აქცია მართავს. პერსონალი საკუთარი ღირსების დასაცავად გზავნილს ავრცელებს, რომელიც „მედიაცენტრი მთავარი“ გთავაზობთ.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი აცხადებს, გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადებები მედპერსონალის წინააღმდეგ სრული სიცრუეა, ჩაგვრაა  და მოუწევთ სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლა. სამედიცინო პერსონალის მიმართვა ყველას ეხება, ვისაც სამედიცინო სფეროსთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირი აქვს.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება კორონავირუსით გარდაცვლილ ახალგაზრდა პაციენტს, ვახტანგ ჩარკვიანს, რომლის გარდაცვალების მიზეზად გარდაცვლილის მხარე ნარკოზის გადაჭარბებულ დოზას ასახელებს და სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„აქტიურად მიმდინარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს და მისი თანამშრომლების მიმართ ანტი პიარ-კამპანია პაციენტი ვ. ჩარკვიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. პაციენტი ვ. ჩარკვიანი, მკურნალობის კურსს გადიოდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებოდა კოვიდ-სასტუმროში, თერაპიის, ემერჯენსის და საბოლოოდ რეანიმაციის განყოფილებებში. საუბედუროდ, დელტა შტამის უკიდურესად მძიმე და უმართავმა მიმდინარეობამ განაპირობა ლეტალური შედეგის დადგომა – პაციენტის გარდაცვალება.

მის გადასარჩენად სრულად იყო გამოყენებული თანამედროვე მედიცინის ცოდნა კოვიდის მართვის შესახებ, რაც დაადასტურა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ და მისი არაერთი ექსპერტის მიერ ჩატარებულმა სპეციალურმა, დეტალურმა და ხანგრძლივმა მოკვლევამ, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. მკურნალობა იმართებოდა ექიმთა გუნდის მეშვეობით, ყველა დარგის სპეციალისტის ჩართულობით და ყველა ეტაპი, ნარკოტიკული საშუალებების ინფუზიის ჩათვლით (აუცილებელი მედიკამენტი მძიმე დისტრეს-სინდრომის მართვისას), არ გაცდენია საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ ნორმებს.

ამასთან, პაციენტის ოჯახის წევრებს საშუალება ეძლეოდათ ყოველდღიურად ენახათ პაციენტი. მკურნალობის ყველა ეტაპზე მიწოდებული ჰქონდათ სრული დოკუმენტაცია, კვლევების , მკურნალობის და პაციენტის მდგომარეობის შესახებ .

ექიმები, ექთნები, სანიტრები, ხშირად თვითონ იყვნენ ამ ომის მსხვერპლნი, თუმცა ბოლომდე შეასრულეს მედიკოსის, ადამიანის მოვალეობა საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. განსაკუთრებული სიყვარულით, თავგანწირვით და ერთგულებით იბრძოდა ყველა ამ პატარა ბიჭის გადასარჩენად. წარმოუდგენელი ემოცია და ცრემლი ახლდა ამ წაგებულ ბრძოლას.

დღეს ჩვენი თანამშრომლები გახდნენ ტყუილის, ცილისწამებისა და ბულინგის მსხვერპლი. სოციალურ ქსელში თუ ტელევიზიის სხვადახვა არხზე ვრცელდება არნახული ტყუილი (!!) : „პაციენტს სცემდნენ“, „პაციენტს დაცინოდნენ“, „პაციენტს ყურადღებას არ აქცევდნენ“, „საჭმელს არ აჭმევდნენ“. ამასთან, ექთანზე გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს მან ნარკოტიკებზე ხელმოწერა გააყალბა (მაშინ როცა მისი ხელმოწერა ფიქსირდება პაციენტის მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლების შეფასების ფურცელზე) , გარდა ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფო „ნარკოტიკების გასაღების ცენტრად“ მოიხსენიეს.ხსენებული ცილისმწამებლური ინფორმაცია ვრცელდება ყოველგვარი მოკვლევისა და ინფორმაციის სისწორის გადამოწმების გარეშე. ვინ დგას ამ მოვლენების უკან ,ვის ინტერესში შედის რესპუბლიკური საავადმყოფოს დისკრედიტაცია?

გვსურს შეგახსენოთ, რომ არ არსებობს არც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დადგენილია კონკრეტული პირისა თუ ორგანიზაციის ბრალეულობა. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ის სრულიად განსხვავდება რეალური ფაქტებისგან. გვსურს გაცნობოთ, რომ გავრცელებული ცილისმწამებლური ფაქტების უარყოფის მიზნით აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს და ჩვენ დარღვეულ უფლებებს დავიცავთ სასამართლოს მეშვეობით“ – აღნიშნულია რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები