,,ვცდილობ, ლევან ხაბეიშვილი სერიოზულად აღვიქვა”- თეა წულუკიანი

,,ლევან ხაბეიშვილის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიტაცებს თუ მოიტაცებს მიშა სააკაშვილს, გამოიხსნის, არის პათეტიკური და უპასუხისმგებლო,” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება ”ალბათ გათვლილია პარტაქტივის იმ ძალიან პატარა ჯგუფზე, რომელსაც შეიძლება, რაღაც ემოცია აღეძრას, როდესაც ასეთ განცხადებას მოისმენს”.

„მე ვალდებულება მაქვს, რომ ხაბეიშვილი აღვიქვა სერიოზულად და მხოლოდ ამიტომ ვცდილობ, აღვიქვა ის სერიოზულად. ჩემი აზრით, მისი პარტიის სათავეში მოქცევა და რაიმე ტიპის პროცესების ხელმძღვანელობა არის პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უკიდურესად საზიანო, ვინაიდან არამცთუ უკვე ჩამოშლილი და განადგურების პირას მყოფი პარტიისთვის, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, არამედ ნებისმიერი სხვა პარტიისთვის პირველ რიგში სერიოზული ლიდერია საჭირო. ამიტომ, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიტაცებს თუ მოიტაცებს მიშა სააკაშვილს, გამოიხსნის, არის პათეტიკური და უპასუხისმგებლო, რომელსაც რა თქმა უნდა განხორციელება არ უწერია. ეს ალბათ უფრო გათვლილია პარტაქტივის იმ ძალიან პატარა ჯგუფზე, რომელსაც შეიძლება, რაღაც ემოცია აღეძრას, როდესაც ასეთ განცხადებას მოისმენს“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის,  ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.

მსგავსი თემები