თბილისის ისტორიული სახლი, სადაც არა ერთ ცნობილ მოღვაწეს უცხოვრია, კაპიტალურად გამაგრდება

  •  

თბილისის მთაწმინდის რაიონში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩის №29/7-ში, მდებარე მრავალბინიანი, ისტორიული სახლი, რომელიც XIX საუკუნეშია აგებული, კაპიტალურად გამაგრდება.  

შენობა, რომელიც დაახლოებით, 150 წელს ითვლის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდნენ პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი, მსახიობები – გიორგი შავგულიძე და გრიგოლ კოსტავა, პოეტი და პროზაიკოსი არჩილ სულაკაური, ასევე, გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები – ძმები იასონ და ლეო კერესელიძეები.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მიმდინარე წელს პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპი განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, სახლის საძირკველი და მზიდი კედლები გამაგრდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 136 ათასი ლარია გამოყოფილი. მეორე ეტაპისთვის კი ჭვირული აივნისა და ფასადის კარის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

პროექტს მთაწმინდის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს. მრავალბინიანი ავარიული სახლი რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერა და შენობის კონსტრუქციული ელემენტების გამაგრებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

მსგავსი თემები