უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე დააკავეს

უკრაინაში სათემო განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ვასილი ლოზინსკი დააკავეს. მაღალჩინოსნის პატიმრობის ვადა 2023 წლის 24 მარტამდეა.

უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე ვასილი ლოზინსკი 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული.

ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის. გამოძიების ინფორმაციით, ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების ნაწილმა შეიმუშავა სქემა, რათა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი მიეთვისებინა. ისინი ფარულად გაურიგდნენ მეწარმეებს და 280 მილიონი გრივნის მოცულობის კონტრაქტი გააფორმეს. მინისტრის მოადგილემ ამ გარიგების სანაცვლოდ 400 ათასი დოლარი მიიღო. როგორც უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს, საქმის ფარგლებში დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი.

მედიის ცნობით, ვასილი ლოზინსკის 100 მილიონი გრივნის გირაოს გადახდის შესაძლებლობა აქვს.

მსგავსი თემები