,,2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ 1000-ზე მეტი ოპერაციაა შეჩერებული და გაუქმებული, რადგან არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი”- ლაშა ხუციშვილი

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაახლოებით 1 000 ოპერაციაზე მეტი არის საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერებული და გაუქმებული, რადგან არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, ვერ იარსებებს კითხვები, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება.

„ბრალდებისას სიტყვების გარდა, რაღაცა ფორმით მაინც უნდა იყოს მტკიცებულებები წარმოდგენილი. სამწუხაროდ, ასეთი მტკიცებულებები არ არის, რისი შეფასების და პასუხის გაცემის შესაძლებლობაც გვექნებოდა. ბუნებრივია, ასეთი მტკიცებულებები ვერ იქნება, რადგან ბუნებაში არ არსებობს. როცა ვსაუბრობთ საბაჟო კონტროლზე, ეს საბაჟო ოპერაციების ყველანაირ სახეობას ეხება, როგორც ტრანზიტს, ასევე ექსპორტს, რეექსპორტის მაჩვენებელს, ასევე არის საბაჟო ოპერაციების სხვადასხვა კომბინაცია. ნებისმიერი ტიპის საბაჟო ოპერაცია არის ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, იმ საქონელთან და იმ პირებთან მიმართებით, რომლებიცა სანქცირებულთა სიაშია.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ 1000 ოპერაციაზე მეტია საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერებული და გაუქმებული იმის გამო, რომ არსებობდა სანქციების დარღვევის რისკი. ეს ეხება ექსპორტს, რეექსპორტს, სრულად ტრანზიტს. ასევე, ფართოა ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის ოპერაციებიც იქნა შეჩერებული. ეს არ ეხება სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთს, რადგან ამას სჭირდება ნებართვა და ბუნებრივია, ამგვარი ტიპის ნებართვას სახელმწიფო არ გასცემს. ძირითადად იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ასევე სანქციების სიაშია. ამ მიმართულებით ძალიან მკაცრი კონტროლია. დაახლოებით 500 -ზე მეტი შემთხვევა იყო, სადაც შემოსავლების სამსახურს მომართეს და განუმარტეს, რომ ასეთი ოპერაციის განხორციელება არ შეიძლება. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ემუშავება ბიზნესოპერატორებს, იმპორტიორებს, ამ ოპერაციებში ჩართულ პირებს, რომ მიაწოდოს წინასწარ ინფორმაცია, რა არის სანქცირებული და რა არა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც ვერ ხორციელდებოდეს ასეთი ტიპის კონტროლი ტვირთებთან მიმართებით როგორიც ხორციელდება საქართველოშია.

მსგავსი თემები