კარასინის განცხადებაში ახალი არაფერია, მისი გზავნილის ადრესატი დასავლეთია – გია აბაშიძე

  •  

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრია მოადგილე გრიგორ კარასინის განცხადებას ეხმიანება, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებას საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვა აფერხებს და აცხადებს, რომ ოფიციალური მოსკოვი კვლავ ცდილობს დასავლეთს მიანიშნოს, რომ კავკასიის რეგიონში თვითონ არის გადამწყვეტი ძალა და ნატო-ს აქ არ შემოესვლება. 

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გია აბაშიძემ განუცხადა, კარასინის განცხადებაში ახალი არაფერია, ის ოფიციალური მოსკოვის პოზიციას ახმოვანებს. ​

​მისივე თქმით, რაც უფრო უახლოვდება საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მით უფრო მეტად ღიზიანდება მოსკოვი და მათი მხრიდან გზავნილები აქტიურდება დასავლეთის მისამართით, რომ “ჩვენ ვართ ამ რეგიონში გადამწყვეტი ძალა და თქვენ აქ არ შემოგესვლებათ”.

“მოსკოვს ბუნებრივია არ უნდა ამ რეგიონში ჩრდილოატლანტიკური პროცესების განვითარება, ისევე, როგორც არ უნდა უკრაინასა და მოლდოვაში. ამაში ახალი არაფერია, ჩვენ ისევ უნდა გავაგრძელოთ სხვლა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ და იმავე დროს არ მოვდუნდეთ დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი კრემლის განცხადებებზე”, – აცხადებს გია აბაშიძე.  

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინმა “კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან, პრაღაში გამართული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შეაფასა და იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრა, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის, ურთიერთობების ნორმალიზების თვალსაზრისით არსებობს.  

კარასინის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების პროცესში სირთულეები კვლავ რჩება. მათ შორის უმთავრესი ის არის, რომ ნატო კვლავ რჩება ოფიციალური თბილისის დღის წესრიგში.

“საქართველოს ხელისუფლება ისწრაფვის, რაც შეიძლება ახლოს იყოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, სურთ, ქვეყნის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები ჩატარდეს”, – განაცხადა კარასინმა.

მსგავსი თემები