გაფრთხილება მოსახლეობას: გაუფრთხილდით ჯანმრთელობას – საქართველოს ცა უდაბნოდან შემოსულმა მტვერმა დაფარა

ცენტრალური აზიიდან საქართველოში დიდი რაოდენობით მტვერი შემოვიდა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს. მზეა, თუმცა, არ ჩანს რადგანაც ცა მთლიანად უდაბნოდან შემოსული მტვრითაა დაფარული.

როგორც „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ლაშა სუხიშვილმა მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა,  არსებული ვითარება განსაკუთრებით საშიშია ასთმით დაავადებულთათვის.

„სავარაუდოდ, ცენტრალური აზიის რომელიღაც უდაბნოდან შემოსულია დიდი რაოდენობით მტვერი, ტრაექტორია არ ჩანს. მტვერი შემოსულია ატმოსფეროს საშუალებით. მტვრის შემადგენლობა და ნაწილაკების ზომა არის ისეთი, რომ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. კონკრეტულად კი, აღწევს ფილტვებამდე, ილექება ფილტვებში, სასუნთქ გზებში და არასახარბიელოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით ასთმით დაავადებულებისთვის“ – აღნიშნა ლაშა სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მისი თქმით, ცა სწორედ იმიტომაა გადათეთრებული, რომ ჰაერში მტვერი ტრიალებს.

„ჰაერი დაბინძურებულია და ეს ხილვადია. მზეა, თუმცა, არ ჩანს, რადგანაც მთელი ცა დაფარულია ამ მტვრით, რომელსაც ნისლის შეფერილობა აქვს. შორ დისტანციაზე მხედველობა დაბალია. პროგნოზს რაც შეეხება, მინიმუმ ერთი კვირა ასე იქნება თუ მანამდე რამე არ შეიცვალა. ვგულისხმობ, ძლიერ ქარს, რომელსაც შეუძლია ეს მტვერი გაფანტოს.  თუ წვიმა მოვიდა, მტვერი წამოვა ტალახის სახით.

დღეის მდგომარეობით, მტვერი აღმოსავლეთ საქართველოზე ვრცელდება. პროგნოზით, შესაძლებელია დასავლეთშიც გადავიდეს. საკმაოდ კარგად გვიცავს კავკასიონის მთათა სისტემა, რადგანაც მტვრის ნაკადს ყოფს და ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში უშვებს“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

 

 

მსგავსი თემები