,,სროლა დაიწყო აივნის ერთი მხრიდან, მერე მეორე მხრიდან”- დაიღუპა ხუთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი

გვიან ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა ერთ-ერთი კორპუსიდან ცეცხლი გახსნა.

ბოლო ინფორმაციით,  სროლის შედეგად, დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. გარდაცვლილთა შორის ერთი პოლიციელია.

„ძალიან მძიმე შემთხვევაა. ვუსამძიმრებ ოჯახებს. ხუთი ადამიანია გარდაცვლილი. სამწუხაროდ, ერთია ჩვენი თანამშრომელი. ხუთია დაჭრილი, ერთ-ერთი არის მძიმე, რომელსაც ოპერაცია უტარდება და ექიმები ჯერ ვერ გვეუბნებიან, რა დონის სიმძიმეა. არტერია აქვს დაზიანებული და ვერ გვეუბნებიან ზუსტად, გადარჩება თუ ვერა. ღმერთმა ქნას, გადარჩეს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ვერავინ ხსნის, რა მოხდა.

„მოქალაქემ სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან დაიწყო სროლა. სახლში იმყოფებოდა მისი შვილი, სრულწლოვანი ბიჭი. სროლა დაიწყო აივნის ერთი მხრიდან, მერე მეორე მხრიდან. ამ ბავშვმა დატოვა შემდეგ სახლი, გამოვიდა. მერე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ, მეორე მხრიდან გახსნა ცეცხლი და დაიჭრა ჩვენი თანამშრომელი. საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა. ეს ვიცით ჯერჯერობით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა

შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

მსგავსი თემები