“ქვეყნის ეკონომიკაში რევოლუციური ცვლილებებია საჭირო, ამისთვის ცალკე უნდა ვიყოთ” – გია ჟორჟოლიანი

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის საჭიროა რევოლუციური ცვლილებები, რისთვისაც ქვეყნის მთავრობა მზად არ არის. ამიტომ მიაჩნია, რომ უკეთესი იქნება, მისმა მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება მმართველი უმრავლესობისგან დამოუკიდებლად უნდა დაიწყოს.

​როგორც გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  საზოგადოების სერიოზული მხარდაჭერის იმედი აქვთ, მას შემდეგ, რაც ხალხს მკაფიოდ დაანახებენ, თუ რაში მდგომარეობს განცხადება “ქართულ ოცნებასა” და “სოციალ-დემოკრატებს” შორის. “ამისთვის საჭიროა, ჩვენ ვიყოთ ცალკე და არა მხოლოდ ხანდახან ვილაპარაკოთ ამაზე”, – აცხადებს ჟორჟოლიანი. 

მისივე ინფორმაციით, პარლამენტში მათი ფრაქციის მიერ მომზადებული რამდენიმე კანონპროექტია შეტანილი, თუმცა არ აქვთ იმედი, რომ მათ მიერ წარმოდგენილ, ეკონომიკური ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. ამდენად, საპარლამენტო უმრავლესობაში “სოციალ-დემოკრატების” 6-კაციანი ფრაქციის ყოფნა ამ ეტაპზე, შესაძლოა დროის საკითხად ჩაითვალოს.

“ჩვენი ფრაქციის რამდენიმე წევრმა დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ისინი მმართველი გუნდის დატოვების საკითხის განხილვაში მონაწილეობენ, ეს განხილვა არ გაგრძელდება დიდხანს. ამ, შემთხვევაში პერსონიფიცირება არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტია ის, რომ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ამ გზას ვირჩევთ. საჭიროა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დავიწყოთ. რამდენიმე  საზოგადოებრივ გაერთიანებასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. აქტიურად წარმოვაჩენთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს პარლამენტში არ არიან, მაგრამ ავტორიტეტით სარგებლობენ თავიანთ სფეროებში. ბევრი შეხვედრები გვქონდა რეგიონებში და განვაგრძობთ მომავალშიც”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

დეპუტატის ინფორმაციით, მათი ძირითადი მიმართულება იქნება სამართლიანი საგადასახადო სისტემის დამკვიდრება, განათლების სფეროს განვითარება, მუნიციპალიტეტისთვის ფუნქციების გაზრდა, ინდუსტრიის მხარდაჭერა, საპენსიო რეფორმის გატარება და ა.შ.

მსგავსი თემები