„საქართველოს არ აქვს ფუფუნება, კანდიდატის სტატუსზე მეორე „არა“ მიიღოს“ – სალომე ზურაბიშვილი

ქვეყანა უნაკლო არ არის, თუ მცა,  ამავე დროს საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე მეორე „არა“ მიიღოს – აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა Oxford Union-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, უარით საქართველოს მოსახლეობაში იმედგაცრუება გაჩნდა.

„საბოლოოდ, და ეს დიდი ნაბიჯია, რომელიც ჯერ, ვფიქრობ, სრულიად არ არის დაფასებული არც საქართველოს მოსახლეობის, არც, შეიძლება, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მიერ, ვინც მოგვცა. ევროპული პერსპექტივის მიღება, დიდი ნაბიჯია. ჩვენ არ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც ჩვენი ასოცირებული ტრიოს დანარჩენმა ორმა მეგობარმა და პარტნიორმა მიიღო. ამან, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობაში გარკვეული ფორმის იმედგაცრუება გააჩინა, რადგან გვესმოდა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენ, შესაძლოა, უფრო შორს წავედით მიღებული კანონმდებლობის, შიდა რეფორმების თვალსაზრისით, რომლებიც ამ ევროინტეგრაციის გზაზე მოგზაურობის 30 წლის განმავლობაში იქნა მიღებული“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე შეფასებით, გასაგებია, რომ ორი ქვეყნისთვის კარის გახსნა უკრაინის ომს უკავშირდება.

„გვესმის ის ფაქტი, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ორი დანარჩენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არსებითად იმ ბრძოლის წყალობით მოხდა, რომელსაც უკრაინული მოსახლეობა აწარმოებს. ამ მხრივ გარკვეული პოლიტიკური მიზეზი იყო იმ ფაქტის მიღმა, რომ სამხედრო საფრთხის ქვეშ ყველაზე მეტად მყოფმა ორმა სახელმწიფომ მიიღეს ეს აღიარება და საქართველო, რომელიც ამ დროს ასე პირდაპირ არ იყო სამხედრო საფრთხის ქვეშ, სხვა დამსახურებების მხრივ შეფასდა და იყო გარკვეული პოლიტიკური მიზეზები, რატომ იქნა ეს განსხვავება გაკეთებული“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

მსგავსი თემები