,,მინდა, ბოდიში მოვიხადო”- არესტოვიჩი თავის განცხადებას სერიოზულ შეცდომას უწოდებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი დნიპროს მოსახლეობას ბოდიშს უხდის და უკრაინის თავდაცვის სისტემის მიერ რუსული რაკეტის ჩამოგდების შესახებ თავის განცხადებას სერიოზულ შეცდომას უწოდებს.

„მე რეალურად მინდა, ბოდიში მოვიხადო, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებს და ახლობლებს. დნიპროს მცხოვრებლებს, რომლებიც პირადად განიცდიან ამ ტრაგედიას და რომლებმაც ერთი აფეთქება გაიგონეს და იციან, რომ რაკეტა ერთი იყო. ასევე, ყველა უკრაინელს და არაუკრაინელს, ვისაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, სოციალურ ქსელებში მისი განცხადების განხილვის ასეთი ტალღა შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო საზოგადოებაში დაძაბულობით, ან ორგანიზებული ყოფილიყო ბოტების ქსელის მიერ.

„ეს არის ორგანიზებული კამპანია, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ აიტაცა ამ ომით და ამ დანაშაულით ტრავმირებულმა ხალხმა“, – განაცხადა არესტოვიჩმა და აღნიშნა, რომ ეს იყო „ოპოზიციის მიერ რუსებთან ერთად“ ჩატარებული საინფორმაციო ოპერაცია.

ცნობისთვის,  ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც უკრაინის ქალაქ დნიპროში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა.  ამის გამო, უკრაინის რადაში ალექსეი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

მსგავსი თემები