უმრავლესობაში ჩვენი ყოფნის რესურსი ამოიწურა, დარჩენილია ტექნიკური გაყრა – გია ჟორჟოლიანი

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მათი უმრავლესობაში ყოფნის რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია, დარჩენილია გუნდის დატოვების ტექნიკური საკითხები.  

როგორც გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მათი გადაწყვეტილება, რომ დამოუკიდებლად განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა ახალი არ არის და უკავშირდება სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში, მმართველ პარტიასთან შეუთანხმებლობას. 

დეპუტატის აზრით, “ქართული ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკა ძალიან ინერციულია და წინა ხელისუფლების დროინდელი მიდგომები მხოლოდ ნაწილობრივ, ეპიზოდურად შეიცვალა. 

მისივე თქმით, არავინ უარყოფს, რომ 2012 წელს, საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, შეიცვალა “ნაციონალური მოძრაობის” ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ ახლა, ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებებია საჭირო. ამის გარეშე ქვეყნის განვითარება იქნება ერთ ადგილზე.   

“ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. ​საკონსტიტუციო ცვლილებების დროს ძალიან მწვავედ ვაყენებდით საკითხს საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებული ჩანაწერის შეცვლის საკითხზე, ეს მხოლოდ გარდამავალ დებულებაში გადავიდა და 12 წლის გაგრძელდა ეს ნონსენსი რაც გვაქვს კონსტიტუციაში, არის კიდევ სხვა შეზღუდვები კანონმდებლობაში და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ. ბიუჯეტის განხილვისას სამწუხაროდ არ იყო გათვალისწინებული ჩვენი წინადადებები, თუმცა ერთი ცვლილება მოხდა, რაც საკმარისი არ არის. კერძოდ, გაუქმდა მუხლი, რომ ბიუჯეტი არ შეიძლება იყოს მშს-ის 30% -ზე მეტი, რაც ასევე ზღუდავდა სამართლიანი საგადასახადო სისტემის დამკვიდრებას, მთავრობის მიერ ეფექტიანი სოციალური ხარჯების გაღებას და ა.შ. ეს არის ის მთავარი საკითხები, რაშიც ჩვენ შორის არის წინააღმდეგობა და რის გამოც დავტოვებთ უმრავლესობის რიგებს”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი. 

მისივე თქმით, წლების წინ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლა ფართო ფრონტით მიმდინარეობდა და იმ ბრძოლაში “სოციალ -დემოკრატები” “ქართული ოცნების” გვერდით იყვნენ. 

“ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელ რეპრესიებსა და ავტორიტარიზმს მიუღებლად მივიჩნევთ და ამ საკითხში სხვებთან ერთად ვართ, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, ჩვენ მოვითხოვთ რევოლუციურ ცვლილებებს, რასაც მიგვაჩნია, რომ ხალხი მხარს უჭერს. ამიტომ უმრავლესობაში მსჯელობისა და დისკუსიის რესურსი ამოწურულია და გვინდა ფართო საზოგადოების მხარდაჭერა მოვიპოვოთ, რამაც 2020 წელს უნდა უზრუნველყოს ისეთი პარლამენტი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის სასიკეთო ცვლილებებისთვის მზად იქნება”, – აცხადებს გია ჟორჟოლიანი. 

მისივე თქმით, მისი პოლიტიკური ძალა ითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც მათ იდეებს გაითვალისწინებს გარდა “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოსი”.

მსგავსი თემები