სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდებულები ძალადობის ორგანიზებაში უდანაშაულოდ მიიჩნია და სასჯელი შეუმცირა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 5 ივლისს, ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, ასევე “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ ძალადობაში მსჯვარდებულები პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე მაია თეთრაულმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა და მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა.  მოსამართლემ მსჯავრდებულები სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს, გაამართლა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დამნაშავედ ცნო.

შესაბამისად, აკაკი ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძეს და გია გიგუაშვილს 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ცოტნე ჩიხლაძის მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა. მას ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ილიკო თვალიაშვილის მიმართ სხეულის მძიმე დაზიანებასაც ედავებოდნენ.

სწორედ აღნიშნული მსჯავრდებულის მიმართ ითხოვდა პროკურატურა ილიკო თვალიაშვილის ჩვენებისა და საქმეში წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე სასჯელის დამძიმებას.

დაკავებული პირებიდან ბრალს ამ დრომდე არც ერთი აღიარებს.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მსგავსი თემები