,,არავითარი ეგეთი ლაპარაკი არ ყოფილა“,- მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას არ ადასტურებს.
„ასეთი ფაქტი არ ყოფილა. არ მაინტერესებს ეს საკითხი, რადგან გამორიცხულია, რაც მოვისმინე ჟურნალისტებისგან. თურმე, ნუ იტყვი და ლამის რუსეთის აგენტები ვართ მე და ჩემი შვილი, იმიტომ შემოვარდნენ 2008-ში და მერე იმიტომ იმუქრებოდა პუტინი, რომ ერთი ადგილით დაკიდებდა? იმიტომ ხდებოდა ეს ყველაფერი? არ ვიცი, მე ჟურნალისტმა რაც მითხრა ის ვიცი. არ მომისმენია. არ ვაპირებ ამაზე ლაპარაკს. არ ვადასტურებ ავთენტურობას. ალბათ არა, არ მგონია. არ მომისმენია. პარაზიტები არიანო მე ვამბობ? ჰაჰ, რა საინტერესოა. რამდენადაც მითხრეს, ეს ორი წლის წინ მოხდა, ახლა რატომ გაახსენდათ, რადგან პროცესები მიდის, რომ ავნონ ახლა ჩემს შვილს? „რუსთავი 2“-ს უჩვენებია, არავითარი ეგეთი ლაპარაკი არ ყოფილა“, – განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის. ჩანაწერში გიული ალასანია საუბრობს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. „ხომ ჩანს ეს ახლა, ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე ჩვენ რომ გვაჩვენებს, ხომ რუსები აწვდიან. ახლა უნდათ გახარიაზე მუშაობა. ახლა თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ბევრს ვერაფერს მოიტანს“, – ნათქვამია ჩანაწერში.