ავლაბრის არალეგალურ სტამბას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

​თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში, კასპის ქუჩაზე არსებულ არალეგალურ სტამბას, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის მფლობელობაშია, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ის კავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ძველი სტამბაა, რომელიც 1903 წელს,  სოციალ-დემოკრატმა, ცარიზმის რუსეთის წინააღმდეგ რევოლუციური მოძრაობის წევრმა, ლადო კეცხოველმა დააარსა. სტამბაც და 15 მეტრის სიღრმეში გაყვანილი გვირაბებიც დღეს, მძიმე მდგომარეობაშია. 

როგორც პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი აცხადებს, სტამბას, ზოგი ბოლშევიკური ორგანიზაციის ისტორიის ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ სინამდვილეში ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის გზის მნიშვნელოვან ძეგლად გვევლინება.

“ის დაარსებულია ცნობილი რევოლუციონერის, ეროვნულ -განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გმირის, ლადო კეცხოველის მიერ 1903 წელს. როცა ქართველი ერი რუსეთის ცარიზმის წნეხის ქვეშ იტანჯებოდა. ლადო კეცხოველის მემორიალური ძეგლი ყოფილ ალექსანდრეს ბაღში იდგა და აიღეს. ამჟამად მისი მემორიალური ძეგლი არ არსებობს.
არავინ იცის, დამოუკიდებლობის პერიოდში სად იქნებოდა: სტალინთან და ორჯონიკიძესთან თუ ნოესთან და ქაქუცასთან. ის გმირულად შეხვდა სიკვდილს მეტეხის ციხეში. დღეს ხარობს მისი სული და მეც ვხარობ, რომ კავკასიის მასშტაბით ყველაზე ძველი სტამბა დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის ფრთებქვეშაა”, – წერს ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თბილისის არალეგალურ სტამბაზე ძველი სტამბა ბაქოში იყო, თუმცა რამდენიმე წლის წინათ, ის მიწით ამოავსეს და გაასხვისეს. უძველესია ავლაბრის სტამბაში მდგარი საბეჭდი დანადგარიც. მის რესტავრაციაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იზრუნებს.

ლევან თაქთაქიშვილი მადლობას უხდის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ანთაძეს და საერთაშორისო ორგანიზაცია “სტალინის” თავმჯდომარე გრიშა ონიანს.

არალეგალურ სტამბა-მუზეუმს ტურისტები ხშირად სტუმრობენ. ნაგებობის უნიკალურობა მიწის ქვემოთ, თითქმის 15 მეტრის სიღრმეში გაყვანილი გვირაბებია, სადაც 1904-1906 წლებში რუსულ, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე სხვადასხვა გაზეთებს, ბროშურებს და პროკლამაციებს ბეჭდავდნენ და მთელი რუსეთის მასშტაბით ავრცელებდნენ. 

პირველად ავლაბრის სტამბა ჩუღურეთის ტიპოგრაფიიდან გადმოტანილი მოწყობილობით მუშაობდა, მაგრამ მალე ბაქოდან ჩამოიტანეს საბეჭდი მანქანა, რომელიც, რამდენიმე წლით ადრე ლადო კეცხოველმა იყიდა.

1904 წელს, გადასახლებიდან გამოქცევის შემდეგ, 24 წლის სოსო ჯუღაშვილი ამ სახლში ხშირად რჩებოდა. წერდა სტატიებს, პროკლამაციებს. ავლაბრის არალეგალურ სტამბაში დაიბეჭდა მისი ბროშურები ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. აქ გამოცემული მრავალი პროკლამაცია და ფურცელი პირადად სტალინის მიერაა დაწერილი.

სტამბამ მუშაობა 1906 წლის 15 აპრილის განთიადზე დაასრულა, როდესაც 150-მდე ჟანდარმმა და ჯარისკაცმა ალყა შემოარტყეს სახლს. დაიწყო ჩხრეკა, ოთახებსა და სამზარეულოში მათ ვერაფერი იპოვეს. შემდეგ გადაწყვიტეს ჭის შემოწმება. ჭაში ჩააგდეს ცეცხლმოკიდებული ქაღალდი, მისი კედლების გასაშუქებლად, ჰაერის წნევამ იგი ფარულ გვირაბში შეიტანა. “ექსპერიმენტი” გაიმეორეს. ისინი მიხვდნენ, რომ ჭაში რაღაც გასასვლელი იყო. მასში ჩაუშვეს მეხანძრე, რომელმაც აღმოაჩინა ფარული გვირაბი. მაგრამ მასში შესვლა შეეშინდათ. გადაწყვიტეს, სამზარეულოში იატაკი აეყარათ. ასეც გააკეთეს. გათხარეს მიწა სამზარეულოში, სადაც აღმოაჩინეს საიდუმლო ხვრელი, რომლითაც ჩავიდნენ სტამბაში და ამოიტანეს: შრიფტი, საბეჭდი მანქანა, დაბეჭდილი ლიტერატურა და სხვ. შემდეგ შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო სარდაფი ააფეთქეს.

1937 წელს სტამბა თავდაპირველი სახით აღადგინეს.

მსგავსი თემები