ნატო-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს

ევროკავშირმა და ნატო-მ სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

იენს სტოლტენბერგმა ხელმოწერის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ალიანსის ევროკავშირთან თანამშრომლობა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა.

„ახლახან მოვაწერეთ ხელი ევროკავშირ-ნატო-ს ერთობლივ დეკლარაციას, სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

დოკუმენტის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად შეათანხმებენ ქმედებებს რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე.

„რუსეთისგან მომავალი საფრთხე ახლა ყველაზე აქტუალურია, თუმცა არა ერთადერთი. ჩვენ ასევე ვხედავთ ჩინეთს, რომელიც მისი ინტერესების სასარგებლოდ საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლას ცდილობს. ასე, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი გამძლეობა და ამ ახალი დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენი პარტნიორობა გადაგვყავს ახალ დონეზე. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის მამაც ხალხს. გავაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე იმდენი ხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანის თქმით, ამ დეკლარაციის ხელმოწერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო კოლექტიური თავდაცვის ფუნდამენტად რჩება.

მსგავსი თემები