„დასვენებამ არაფერი მოუტანა, ორთვიანი პაუზის შემდეგ ვერ დაბრუნდა ისეთი, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო“- მედია

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „სამპდორია“ 0:2 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილმა იტალიურმა სააგენტო CalcioMercato-მ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა და მოლოდინი გამოთქვა, რომ ხვიჩა ჩვეულ ფორმას მალე დაუბრუნდება.

„ხვიჩა კვარაცხელია მთელი თამაშის განმავლობაში ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა ქართველი ორთვიანი პაუზის შემდეგ ნამდვილად ვერ დაბრუნდა ისეთი, როგორიც სეზონის დასაწყისში იყო. ამ დასვენებამ მას არაფერი მოუტანა.

კვარამ სეზონის სტარტზე გუნდის თამაშზე ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა. ის იყო ნამდვილი წინამძღოლი თავისი თამაშით, დრიბლინგებით, გოლებით, პასებით და მოპოვებული პენალტებით. მან შემოგვთავაზა სპექტაკლი, რომელმაც ინსინიე სწრაფად გადაგვავიწყა. ქართველმა ბოლოს 29 ოქტომბერს, „სასუოლოს“ წინააღმდეგ ითამაშა და თავი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მას შემდეგ კი ზურგის ტრავმის გამო ვეღარ ითამაშა. ახლა, ზურგის პრობლემა აშკარად მოგვარებულია, თუმცა კვარამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო საუკეთესო მდგომარეობაში შესვლა. განგაშის ნიშნები ჯერ კიდევ დეკემბერში გამართულ ამხანაგურ მატჩებში დაფიქსირდა. ქართველ ბრილიანტს არ აქვს ის ბრწყინვალება, რაც რამდენიმე თვის წინ ჰქონდა და ასევე, კონცენტრაციის ნაკლებობასაც განიცდის.

თუმცა, ეს მდგომარეობა აშკარად დროის საკითხია, რადგან კვარაცხელიამ ნეაპოლში ყოფნის პირველ სამ თვეში აჩვენა, რომ უდიდესი ნიჭი აქვს. უკვე დროა, რომ ის სცენაზე დავაბრუნოთ, შანსი კი საკმაოდ მაცდურია. 13 იანვარს, დიეგო მარადონას სტადიონზე „იუვენტუსი“ ჩამოვა. ეს იქნება განსაკუთრებული თამაში, რომელსაც განსაკუთრებული ფეხბურთელი სჭირდება და კვარა ამისთვის მზად უნდა იყოს. მან ნეაპოლიტანელი გულშემატკივარი უნდა დამუხტოს და მათი ნდობა უნდა დაიბრუნოს, რაც სამ ქულაზე ბევრად მეტი იქნება.“ – ნათქვამია სტატიაში.

 

მსგავსი თემები