,,მიხეილ სააკაშვილს ციხე არ მოსწონს, ტყვეობაში ცუდად ხდება”- იაგო ხვიჩია

,,მიხეილ სააკაშვილს არ წამლავენ. აქედან გამომდინარე, „მაგნიტსკის სიებზე“ მუშაობა ამ თვალსაზრისით, თითქოს ვიღაც სააკაშვილის სიცოცხლეს ანადგურებს და ამიტომ სიაში უნდა შევიყვანოთ, პერსპექტიული არ იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის მოწამვლის საკითხს სკეპტიკურად უყურებს.

„მიხეილ სააკაშვილს მაინც უფრო გრძელვადიან თამაშზე გადასვლას ვურჩევდი. მან უნდა აირჩიოს, რჩება ქართულ პოლიტიკაში და იბრძვის თუ მიდის ქართული პოლიტიკიდან. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ სააკაშვილმა ბრძოლა გადაწყვიტა, მაშინ ის უნდა გადავიდეს ციხეში და ბრძოლა იქიდან გააგრძელოს, მაგრამ თუ სააკაშვილმა პოლიტიკიდან გასვლა გადაწყვიტა, გადაწყვიტა, თვითონაც დაისვენოს და სხვებიც დაასვენოს, მაშინ ის რაღაცნაირად უნდა დანებდეს. უნდა თქვას, რომ მე დავმარცხდი და გამიშვით ახლა, თავი დამანებეთო, მაგრამ იბრძოდე და იძახდე, მწამლავენო, ამ დროს ციხის საავადმყოფოში იყო, ეს დამაჯერებლად არ გამოიყურება.

საქართველოს მთავრობა ბევრ შეცდომას უშვებს, ჩვენ შეგვიძლია, ბევრი სია გავაკეთოთ მათი არასწორი ქმედებების და არასწორი გადაწყვეტილებების ჩამონათვლით. შეგვიძლია, მილიონ რამეში გავაკრიტიკოთ, მაგრამ შევქმნათ „მაგნიტსკის სია“ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში აწამებენ, მაგის არ მჯერა. თუ ვიტყვით, რომ „ქართული ოცნება“ სიაში უნდა შევიყვანოთ იმის გამო, რომ სააკშვილს აწამებენ, ბოლოს აღმოჩნდება, რომ მიხელ სააკაშვილს არ აწამებენ და ეს ყველაფერი რაღაცნაირი ბუშტი იქნება. მიხეილ სააკაშვილს ციხე არ მოსწონს. ტყვეობაში ცუდად ხდება, შესაბამისად, მისი ავადმყოფობა არის არა წამების გამო, არამედ იმის გამო, რომ სააკაშვილი ციხეში თავს კომფორტულად არ გრძნობს. მისი დაავადებაც და მისი ნერვიული სტრესიც აქედან გამომდინარეობს. სწორედ აქედან გამომდინარე ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას.

მიხეილ სააკაშვილი ბრძოლას თუ აპირებს, ბრძოლისთვის ციხის საავადმყოფო არ ვარგა. „ქართული ოცნება“ აყვედრის, ოროთახიან ბინაში გვყავსო. თუ ხვდები, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო პოლიტიკური ბრძოლა მოგბეზრდა და პოლიტიკა არ გინდა, საკმარისი არის, ეს ადვოკატის ენით თქვა. შენ თვითონ უნდა გამოხვიდე, ძალა მოიკრიბო, უნდა მიხვიდე პროცესზე და იქ თქვა, რომ, ხალხო, თავი დამანებეთ, პოლიტიკიდან მივდივარ და დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა“. მაშინ გასაგები იქნება, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან გადის. თუ ბრძოლა მიმდინარეობს, ჯერ არ მახსოვს, დატყვევებულ გენერალს ვინმე ბრძოლის დასრულებამდე ათავისუფლებდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

მსგავსი თემები