ახალი საპენსიო სისტემისთვის ბიუჯეტში, 360 მლნ ლარის დამატებას ვითხოვდი – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მმართველ გუნდთან განხეთქილების საკუთარ მიზეზებზე საუბრობს და განმარტავს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი 2019 წლის ბიუჯეტს.

​როგორც ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი ინიციატივა საპენსიო რეფორმას ეხება და საპენსიო ფონდის დაფინანსების 360 მლნ ლარით გაზრდას ითვალისწინებს.

დეპუტატის ინფორმაციით, საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან პენსიაზე გაწეული ხარჯები მთლიანი ეროვნული შიდა პროდუქტის მხოლოდ 5 %-მდეა და წლიდან წლამდე მცირდებოდა. მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც საპენსიო ასაკში ადამიანები ღირსეულად და სრულფასოვნად ცხოვრობენ, პენსიაზე გაწეული ხარჯი, მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ზე ნაკლები არ არის.  

“​ამიტომ არ დავუჭირე მხარი 2019 წლის ბიუჯეტს. ვითხოვდი 360 მლნ ლარის გათვალისწინებას, რომელიც საჭირო იყო ახალი საპენსიო სისტემის ასამოქმედებლად. ეს ბევრად მეტია, ვიდრე მთავრობას ჰქონდა გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენ თუ გავაცნობიერებთ და შევადარებთ რამხელაა პენსიაზე გაწეული ხარჯი სხვა ქვეყნებში, ეს არაფერია იმასთან შედარებით. ამ შემოთავაზებით პენსიაზე გაწეული ხარჯი, მშპ-ის 4, 95 % უნდა ყოფილიყო. რამდენჯერმე ვთხოვე უმრავლესობას ამ პროექტის განხილვა, მაგრამ 15 წუთზე მეტი დრო არ დამითმეს, მარტო პრეზენტაციას სჭირდებოდა 2 საათი. არ მიმაჩნია, რომ პარლამენტში მიღებული თუ მისაღები გადაწყეტილებები “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან უნდა თანხმდებოდეს. პარტიის სხვა წევრებთან კი ეს საკითხები განხილული მქონდა”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.  

მისი თქმით, გერმანიის მთავრობა აცხადებს მზადყოფნას, საქართველოდან წასული ყველა მაღალკვალიფიციური კადრი მიიღოს და დაასაქმოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო კვალიფიცირებული კადრებისგან დაიცლება.

“არც ერთი მთავრობა არ ცდილობს, მაღალკვალიფიციურ კადრებს გაუხსნას სივრცე, რომ სხვა ქვეყანაში დასაქმდნენ. მაღალკვალიფიციურ კადრებზე ჩასაფრებულები არიან ქვეყნები, რომ მოიზიდონ ან შეინარჩუნონ რათა საკუთარი ეკონომიკა განავითარონ. ძალიან ბევრი მიგრაციის თუ სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე ვყოფილვარ, სადაც სულ იმაზე საუბარი, როგორ შეინარჩუნონ ასეთი ადამიანები. მაღალკვალიფიციური კადრების ქვეყნიდან გაშვება, ასე თუ გაგვიადვილდება, მაშინ დაბალკვალიფიციური და შრომითი რესურსის გასვლას ხელს აღარაფერი შეუშლის. დაიცლება ეს ქვეყანა იმ წესრიგის გამო, რაც დღეს არსებობს – ვინც მდიდარია ის უნდა გადარჩეს, ვინც ღარიბია თავის თავს მიხედოს. აღარავის სურს ასე ცხოვრება, ამიტომ ეს უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მთავარში”.

მსგავსი თემები