„ასეთი ფორმატი დამაზიანებელია, უნდა ვიფიქროთ სხვა ფორმატზე“ – მამუკა მდინარაძე

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, “თიბისი ბანკის“ საკითხთან და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა არ შედგა. კომიტეტი ისე დასრულდა, რომ კობა გვენეტაძისა და დეპუტატების კითხვ-პასუხის ნაწილი ჩაიშალა. კომიტეტის წევრებს არც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის მოუსმენიათ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძეს მოსმენა მის კომიტეტზეა შესაძლებელი და აღნიშნული შეთავაზება მან უკვე გააკეთა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის შეფასებით, ჯაფარიძესა და ხაზარაძეს განცხადებების გაკეთება თემატური პროფილის კომიტეტზე თავისუფლად შეუძლიათ: „მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შეთავაზება ირაკლი კოვზანაძისგან. მათ შეუძლიათ, წარსდგნენ შესაბამისი თემატური, პროფილური კომიტეტის წინაშე და გააკეთონ ნებისმიერი განცხადება. არასდროს და ვერასდროს მათ ვერავინ შეუზღუდავს“.

დეპუტატის თქმით, მსგავსი საკითხები რეგულატორისა და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტის თანამონაწილებით, ღია ფორმატში არ უნდა იხილებოდეს.

„ირონიაც არ არის საჭირო და არც გაბრაზებული დამოკიდებულება , თუმცა მოდით გავამარტივოთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი არგუმენტებში არ დაიკარგოს. ადამიანი, რომელიც წარსდგა პარლამენტის წინაშე თქვა ორი რამ – პირველი ის, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით მინიმუმ ერთი კვარტალი მაინც უნდა იყოს გასული, რომ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ და ამაზე მსჯელობა იყოს რეალური; და არა მხოლოდ მსჯელობა მსჯელობისთვის. ეს მარტივია. და მეორე, იმ საქმესთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენმა კოლეგებმა მოიწვიეს კობა გვენეტაძე პარლამენტში – არ არსებობს მსოფლიოში პრაქტიკა, როდესაც რეგულატორი და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტი, ან კერძო პირები ან მისი წარმომადგენლები – ერთად, ღია ფორმატში განიხილავენ მსგავს საქმეებს. მათ შორის, საკომიტეტო მსჯელობის დროს. არ არსებობს ასეთი პრაქტიკა, რადგან ის დამაზიანებელია ფინანსური სექტორისათვის, დამაზიანებელია ეროვნული ბანკისათვის, არ შეესაბამება კონფიდენციალურიბის პრინციპს, არ შეესაბამება იმ პრინციპებს, რითაც ხელმძღვანელობს რეგულატორი. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია იმის გაგება და აღქმა, რომ ასეთი ფორმატი არის დამაზიანებელი და უნდა ვიფიქროთ სხვა ფორმატზე. პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ არგუმენტებს, არ დავაზიანოთ მთავარი და არ ვიფიქროთ მხოლოდ პოლიტიკურ ქულებსა და ინტერესებზე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები