„როცა მოწამვლის ბრალდებას აჟღერებ, უნდა ელოდო საპასუხო ქმედებას” – ლევან იოსელიანი

გასაგებია, პოლიტიკურ პარტიას როგორი ინტერესიც აქვს თავის ლიდერთან მიმართებაში, მაგრამ, როდესაც მისი მოწამვლის ბრალდებას აჟღერებენ, უნდა ელოდო, რომ საპასუხოდ მნახველების რაოდენობა იქნება შეზღუდული,-ეს განცხადება ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

ამით იგი გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 3 იანვრიდან პარლამენტის წევრებს სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აღარ ექნებათ. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

,,ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რომ შალვა პაპუაშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა გამომდინარე იქიდან, რა პროპაგანდაც მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის გარშემო, ვგულისხმობ მის მოწამვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციას. ბუნებრივია, ამის საპასუხო არის ის, რომ შეიზღუდოს ადამიანების, ამ შემთხვევაში დეპუტატების მისვლა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ“ თავი დაიზღვიოს, რომ ეს ბრალდება მათი მიმართულებით ნაკლებად იყოს დამაჯერებელი. ზოგადად, დეპუტატს უფლება აქვს მოინახულოს მსჯავრდადებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგულარულად მასთან პოლიტიკურ დისკუსიას უნდა აწარმოებდეს დეპუტატი. რაც მთავარია, უფლებადამცველების მიმართულებით სახალხო დამცველის ოფისს შეუზღუდავად ყოველთვის აქვს საშუალება მოინახულოს, გაიგოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია. გასაგებია, პოლიტიკურ პარტიას როგორი ინტერესიც აქვს თავის ლიდერთან მიმართებაში, მაგრამ, როდესაც ასეთ ბრალდებას აჟღერებენ, რომ მას წამლავენ, უნდა ელოდო, რომ საპასუხოდ მნახველების რაოდენობა, ვინც ასე ხშირად მიდის მასთან, იქნება შეზღუდული“ _ აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

მსგავსი თემები