ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეექვსედ დაიკავა

ისრაელს ახალი მთავრობა ჰყავს. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეექვსედ დაიკავა. 120-ადგილიან ქნესეთში ისრაელის ახალ მთავრობას 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ისრაელის 37-ე მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი მემარჯვენე-რელიგიური კოალიცია დაიცავს პოლიტიკურ სტაბილურობას მას შემდეგ, რაც 2019 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში ხუთი არჩევნები ჩატარდა.

ნეთანიაჰუ ისრაელში ყველაზე ხანგრძლივი დროით, 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფება ქვეყნის ხელმძღვანელობაში. მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე „ლიკუდის“ მოკავშირე ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსი პარტიებით, მისი და ქვეყნის ყველაზე მკაცრი ხაზის გამტარებელი მთავრობა იქნება.

„ლიკუდსა“ და მის ხუთივე მოკავშირე პარტიას შორის გაფორმებული კოალიციური შეთანხმებების მიხედვით, მომავალი მთავრობა უპირატესობას ანიჭებს ყოვლისმომცველ სასამართლო რეფორმას, რომელიც დაამყარებს ბალანსს პოლიტიკურ და სასამართლო ძალებს შორის, ასევე დასახლებების გაფართოებას, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის შესაძლო ანექსიას და ულტრაორთოდოქსული კონტროლის შემდგომ ცენტრალიზებას სახელმწიფო ებრაულ სამსახურებზე.

ნეთანიაჰუმ ახალი მთავრობისთვის სამი მთავარი პრიორიტეტი წარადგინა: ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარება – ე.წ. პერიფერიის ქვეყნის ცენტრთან დაკავშირება, ისრაელის შიდაუსაფრთხოებისა და მმართველობის აღდგენა.

ისრაელის ახალ მთავრობაში 31 მინისტრიდან მხოლოდ ხუთი ქალია.

მსგავსი თემები