,,ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი”- ხვიჩა კვარაცხელია

ხშირად ვცდილობ, ვისწავლო ახალი მოძრაობები და ისეთი გადაწყვეტილებები მივიღო, რომ გავხდე უფრო არაპროგნოზირებადი,”- ამის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ DAZN-თან ინტერვიში განაცხადა. 

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ 21 წლის თავდამსხმელმა, ინტერვიუში სათამაშო სტილსა და  „ნაპოლის“ მიზნებზე ისაუბრა.

„ველოდი ასეთ დასაწყისს? არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს მომხდარიყო. გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ, დანარჩენს კი გულშემატკივრები განსჯიან, ბევრმა ქართველმა დაიწყო „ნაპოლის“ მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც აქ თამაში დავიწყე.

ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე? ჯერ კიდევ შორს ვარ, მაგრამ საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. ასეთ სტარტს არ ველოდი, რადგან ასეთი პატარა ქვეყნიდან დიდ გუნდში მოხვედრა რთულია. ჩემი ოცნება იყო ისეთ ცნობილ კლუბში თამაში, როგორიც „ნაპოლია“, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი.

ხშირად ვცდილობ, ვისწავლო ახალი მოძრაობები და ისეთი გადაწყვეტილებები მივიღო, რომ გავხდე უფრო არაპროგნოზირებადი. ასე რომ, რასაც ხალხი ჩემზე იტყვის, უკვე მოძველებული იქნება. მცველებს ამის ცოდნა აღარ გამოადგებათ.

ბავშვობაში ჩემი საყვარელი მოთამაშე გუტი იყო. მე მას სულ ვუყურებდი და მომწონდა მისი თამაში. მის შემდეგ ჩემი ფავორიტი კრიშტიანო რონალდო გახდა.

შოთა არველაძემ თქვა, რომ ჩემი ძმა უკეთესია. ეს მართალია! მაგრამ მას ეს ჯერ არ დაუმტკიცებია. მას აქვს ყველა უნარი, რომ ჩემზე ძლიერი გახდეს. ის ჩემსავით თამაშობს: მარცხენა ფლანგზე და ფორვარდად.

„ნაპოლისთან“ მოლაპარაკებები დიდი ხანი გაგრძელდა, დაახლოებით ორი წელი. გამიხარდა, რომ ამხელა გუნდი ჩემით დაინტერესდა. სხვაზე არც მიფიქრია. გუნდს ჰყავს შესანიშნავი მოთამაშეები და მომწონს მისი თამაში. ქალაქი საოცარია თავისი სილამაზით და ნეაპოლელები განსაკუთრებულები არიან. ჩემთვის ეს სიყვარულის ქალაქია.

რაც შეეხება მეტსახელ კვარადონას, როცა მარადონას სახელი შენთან მცირედით მაინც ასოცირდება, ეს პატივია. ეს იწვევს სხვა მეტსახელებისგან განსხვავებულ ემოციებს და სიამაყით მავსებს. დღეს კვარადონა ჩემი ფავორიტია სახელია”, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

მსგავსი თემები