“ეს არის მცდელობა, რომ ეს ადამიანები მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში იყვნენ” – გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ​გურამ მაჭარაშვილის აზრით, დეპუტატები, რომლებიც გამუდმებით საუბრობენ უმრავლესობის რიგების დატოვებაზე, მაგრამ ჯერ კიდევ მმართველ გუნდში რჩებიან, მკვეთრი განცხადებებით მედიის ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობენ.

​როგორც გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სანამ დეპუტატი პოლიტიკურ გუნდს დატოვებს მკვეთრად განსხვავებული განცხადებებისგან თავი უნდა შეიკავოს, მით უმეტეს, როცა დაწყებულია სასამართლო რეფორმა, სადაო საკითხები გუნდის შიგნით უნდა გადაწყდეს.  

“სანამ პოლიტიკურ გუნდს დატოვებ და სანამ უმრავლესობის წევრი ხარ, მკვეთრად განსხვავებული და გუნდის საწინააღმდეგო განცხადებები სისტემატურად არ უნდა გააკეთო. აღარაფერს ვამბობ იმ განცხადებებზე, რომლებიც კონკრეტულ პირებს შეიძლება შეეხოს. ამ დეპუტატების მიზანი, სავარაუდოდ, არის მცდელობა, რომ მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში იყვნენ. მაშინ, როცა მართლმსაჯულების რეფორმა დაწყებულია, შესაძლოა რაღაც არ მოგწონდეს ამ პროცესში, ამაზე შეიძლება მსჯელობა,  შეიძლება მკვეთრი განცხადებებიც გააკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მუდმივად იმაზე აპელირება, რომ განსხვავებულ აზრს რადგან ამბობ ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი ხარ და ვინც არ ამბობს, არ არის ძლიერი პოლიტიკოსი, ემსახურება ერთადერთ რამეს, მუდმივად იყო დღის წესრიგში”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

მისივე თქმით, ნებისმიერ პიროვნებას, ამ შემთხვევაში, დეპუტატს და უმრავლესობის წევრს, აქვს უფლება ან დატოვოს უმრავლესობის რიგები, ან შეინარჩუნოს პოზიცია და შეთანხმებული წესებით განაგრძოს პოლიტიკური ცხოვრება.

“თითოეული კოლეგის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა, სისტემატური ხასიათის არასწორი განცხადებები საჭირო არ არის. ერთი და იგივე საკითხზე სხვადასხვა ფორმატიდან აკეთებ განცხადებებს და სარგებლობ იმით, რომ ხარ უმრავლესობის წევრი, ეს ჩემი აზრით არაკორექტულია”, – განაცხადა მაჭარაშვილმა “მთავარში”. 

მსგავსი თემები