თბილისის ახალი ესტაკადის მიმდებარედ კედარი, აკაცია, ტყემალი და ტირიფი დაირგვება

თბილისის საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, სადაც ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოების გამო, რამდენიმე ათეული ძირი ხის მოჭრა და გადარგვა გახდა საჭირო, საგზაო სამუშაოების პარალელურად ტირიფის, აკაციის, დეკორატიული ტყემლისა და ჰიმალაის კედრის 140 ნერგი დაირგვება.  ახალი ნერგების სიმაღლე 3 მეტრს აღემატება.

როგორც “მთავარს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები და აღნიშნული ნარგავები სამომავლოდ უზრუნველყოფს სამუშაოების გამო გარემოსადმი მიყენებული ზიანის კომპენსირებას.

მათივე ინფორმაციით, ახალი ესტაკადის მიმდებარედ განხორციელებული დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში იგეგმება 60 ძირი ჰიმალაის კედრის, 30 ძირი ტირიფის, 25 ძირი აკაციის და 25 ძირი დეკორატიული ტყემლის დარგვა.

“ახალი სტანდარტის შესაბამისად, ნერგების სიმაღლე 3 მეტრს აღემატება, ხოლო გარშემოწერილობა ჰიმალაის კედრის და ტირიფის შემთხვევაში ფესვის ყელიდან 1 მ სიმაღლეზე არანაკლებ 0.14 მეტრია, აკაციის გარშემოწერილობა – არანაკლებ 0.18 მეტრი, ხოლო ტყემლის – 0.16 მეტრი”, – აცხადებენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.

თბილისში ახალი ესტაკადის მშენებლობა აპრილში დაიწყო. დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის ქუჩების საცობებისგან განსატვირთად მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის განხორციელებას დაახლოებით, ხუთი თვე დასჭირდება და 2 700 000 ლარი დაიხარჯება.

მსგავსი თემები