,,თუ დამისვამთ კითხვას – კმაყოფილი ვარ თუ არა იმით, რაც ხდება, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, გეტყვით, რომ არ ვარ”- კალაძე

,,თქვენ თუ დამისვამთ შეკითხვას – კმაყოფილი ვარ თუ არა, იმით, რაც დღეს ხდება დედაქალაქში, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, მე გეტყვით, რომ არ ვარ კმაყოფილი,”- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, შეუძლებელია იყო კმაყოფილი, რადგან რეფორმა ჯერ არ დასრულებულა.

„შეუძლებელია იყო კმაყოფილი, რადგან ჯერ რეფორმა არ დასრულებულა და ჩვენ ვართ გარდამავალ ეტაპზე. ჩვენ გავდივართ ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე რთულ ეტაპს ყველანაირი თვალსაზრისით. თუნდაც საზოგადოების დამოკიდებულება ავიღოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, თუნდაც ავიღოთ შესაბამისი ზოლების გაჩენა ავტობუსებისთვის და მიკროავტობუსებისთვის. ეს ყველაფერი სიახლეა საზოგადოებისთვის და შეიძლება არც იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ცხადია, მე არავის მოვუწოდებ და არ იფიქროთ, რომ გამოვდივარ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით და მოგიწოდებთ – “მანქანები გააჩერეთ და აუცილებლად გადადით საზოგადოებრივ ტრანსპორტზე” – არა მეგობრებო, ეს თქვენი ნებაა. ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქის უფლებაა იმგზავრებს კერძო ავტომობილით, ავტობუსით, მიკროავტობუსით, მეტროთი, ეკო-მეგობრული ტრანსპორტით, ველოსიპედით, თუ ფეხით. ეს მათი არჩევანია, უბრალოდ მე ერთ რამეს ვპირდები თბილისის მოსახლეობას, რომ ამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იქნება კომფორტული. ჩვენ, რა თქმა უნდა, ღირსეულად ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს. თუ თქვენ გაქვთ რაიმე განსხვავებული ჩვენს პოლიტიკასთან დაკავშირებით, ან იცით რაიმე ისეთი, რაც გასაკეთებელია და ჩვენ არ ვაკეთებთ, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს რჩევას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები