,,მიუღებელია  ე.წ. მეგობრების კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები, გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაულები”- კალაძე

,,კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები კანონსაწინააღმდეგოდ მოგვიწოდებენ, პატიმრობიდან გავათავისუფლოთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩადენილი აქვს დანაშაული,”– ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ თუ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ არ მოგეცემათ კანდიდატის სტატუსი – არ არის ნორმალური.

„წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ევროპაში და კარგად ვიცი, რა არის ევროპა, რა არის დემოკრატია, რა არის ევროპული ღირებულებები, რა არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ჩვენ ე.წ. მეგობრები მოგვიწოდებენ, აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისკენ, კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედებებისკენ რომ გაათავისუფლეთ კონკრეტული პატიმარი, რომელსაც ჩადენილი აქვს კონკრეტული დანაშაულები, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინაშე, ეს განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია. აქ შინაარსობრივად საუბარია იმაზე, თუ თქვენ არ გაათავისუფლებთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და არ მოგცემთ თქვენ კანდიდატის სტატუსს, გეკითხებით თქვენ – ეს ნორმალურია, ეს ლექსიკა, ეს მიდგომები, ეს დამოკიდებულება ნორმალურად მიგაჩნიათ? ეს არის ევროპული და დემოკრატიული ღირებულებების, ასე გვინდა, ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა? ასე გვინდა, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა? ასე, რომ პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, ვისთვის გვინდა ევროპა და ევროპული, დემოკრატიული ღირებულებები? ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ის განცხადებები, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვისმენთ ე.წ. მეგობრებისგან, საერთოდ მერწმუნეთ არანაირი კავშირი არ აქვს, არც ევროპასთან, არც ევროპულ ღირებულებებთან და არც დემოკრატიასთან“, – განაცხადა კალაძემ.

 

მსგავსი თემები