„ვფიქრობ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სერიოზულად დაფიქრდებიან და ნათლად დაინახავენ, რომ ძალა ერთობაში და განვითარება მშვიდობაშია” – რატი ბრეგაძე

პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე სხვადასხვა სფეროში, დაასახელა არსებული პრობლემები და საზოგადოებას გააცნო მათი გადაჭრის გზები.

„გასული წელი იყო ჩვენი ხალხის მშვიდობისთვის ბრძოლის, უსამართლო ომში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერის, საქართველოში ეკონომიკური განვითარების ტემპის ზრდის, ევროპული ინტეგრაციის პროცესის აჩქარების, ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული, ახალი დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტების დაწყების, ადამიანის უფლებებზე ზრუნვისა და საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს ეროვნული ინტერესების გამარჯვების ისტორია.

ეს ყველაფერი მთავრობამ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტთან, ყველა სხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით შეძლო.

დღეს პრემიერმა კონკრეტული უპრეცედენტო ინიციატივა გააჟღერა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სერიოზულად დაფიქრდებიან ასეთ წინადადებაზე და ნათლად დაინახავენ, რომ ძალა ერთობაში და განვითარება მშვიდობაშია.

ბატონმა ღარიბაშვილმა ნათლად გამოკვეთა მთავარი პრიორიტეტი, რაც ყველა ქართველის ოცნებაა-მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანება. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების მთავარი საზრუნავი, რაც ყველას აერთიანებს.

ჩემი მხრივ, კი მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ღირსეული ლიდერობისთვის!“ – წერს ბრეგაძე.

მსგავსი თემები