კობა კობალაძემ ეროლ მუნირს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა კობა კობალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის (ODC) ხელმძღვანელს, ვიცე-პოლკოვნიკ ეროლ მუნირს უმასპინძლა.
კობა კობალაძემ მადლობა გადაუხადა სტუმარს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს ვეტერანებისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოხატავენ; ეროლ მუნირმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ამ თანადგომის მნიშვნელობას იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას.
ხარეებმა განიხილეს საქართველოში სამობილიზაციო სისტემის ჩამოყალიბების პროცესი, ისაუბრეს საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედროებისთვის ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად ახალ საკანონმდებლო ინიციატივასა და ვეტერანებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების ჩამოყალიბების საკითხზე.
კობა კობალაძე და ეროლ მუნირი შეთანხმდნენ მომავალი წლის იანვარში კონკრეტული სამოქმედო გეგმის განხილვასა და შემუშავებაზე.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნათია ჯანაშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის უფროსი, მარიამ ადამაშვილი, აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივი ურთიერთობების პროცესების მენეჯერი, ნინო ყიფიანი.

მსგავსი თემები