,,საბავშვო ბაღია, რასაც დრო და დრო „ქართული ოცნება” ავლენს”- ალეკო ელისაშვილი

,,პატივი უნდა სცე კონსტიტუციას, სახელმწიფო ინსტიტუციას და ყველაფერი გააკეთო ჯეროვნად და არა ისე, რომ სკამს ფეხი მოახერხო, სკამი გვერდზე გაწიო ან ჭიკარტი დადო – საბავშვო ბაღია, რასაც დრო და დრო „ქართული ოცნება” ავლენს!”- ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ელჩების კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი არ ესწრებოდა. მისი თქმით, ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნებოდა.

„მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილი აზრები ბევრ შემთხვევაში ერთმანეთს არ დაემთხვა, ჩვენ ვხედავთ, როგორ უხერხულად იქცევა ხელისუფლება პრეზიდენტთან მიმართებაში. მაგალითად გვახსოვს, როცა საქართველოში ილჰამ ალიევი ჩამოვიდა, პრეზიდენტი საერთოდ საქმის კურსში არ იყო. ახლა ეს ინციდენტი… ეს არის ფაქტი იმისა, რომ “ქართული ოცნება” ხშირ შემთხვევაში ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი პოზიციით, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესით. გუშინდელი ინციდენტიც სწორედ ამის გაგრძელებაა. “ქართული ოცნება” პრეზიდენტს უყურებს არა სახელმწიფოებრივად, არა ინსტიტუციურად, არამედ დაბოღმილისა და ღვარძლიანის პოზიციიდან – არ მოვიწვიოთ, სკამი არ დავუდგათ! ეს არის ხელისუფლების უშნო საქციელი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

 

მსგავსი თემები