მამინაცვალი 11 წლის გერზე ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა – რა მოხდა თბილისში

მეზობლების შეტყობინების საფუძველზე, ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის ერთ-ერთ უბანში დააკავეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ანონიმური ზარის ავტორმა სამართალდამცველებს აცნობა, რომ ერთ-ერთ ბინაში არასრულწლოვნის მიმართ სისტემატურად ძალადობდნენ.

30 წლის მამაკაცის მიმართ გამოძიება არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ მას დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი ბრალი წარუდგინეს. ბრალის დამძიმების საფუძველი ექსპერტიზის დასკვნა გახდა.

აღმოჩნდა, რომ 11 წლის გოგონას მიმართ საკუთარი მამინაცვალი სექსუალურადაც ძალადობდა. მოზარდი გამოძიებამ ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხა. დაზარალებულმა მამინაცვლის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ფაქტები დაადასტურა.

სახლი, სადაც 11 წლის ბავშვზე ძალადობდნენ, ახლა დაკეტილია. ადგილობრივები მედიასთან ამბობენ, რომ სახლიდან ხშირად ისმოდა ბავშვის ტირილის და უფროსების ჩხუბის ხმა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა პოლიციაში ანონიმური შეტყობინების მიზეზიც.

გამოკითხვებით დგინდება, რომ მამინაცვლის გარდა, არასრულწლოვანზე ფიზიკურად ძალადობდა დედაც. მას პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა და შვილთან კომუნიკაცია აუკრძალა. ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ახლა თავშესაფარშია, შემზარავ დანაშაულში მხილებული მამინაცვალი კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მას ბრალის დადგენილება დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში გააცნეს. დაზარალებულის ჩვენების და ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, ის დანაშაულს არ აღიარებს.

არასრულწლოვანის მიმართ ფიზიკური და სექსუალური ძალადობის საქმის განხილვა, სასამართლოში სავარაუდოდ მომავალ თვეს დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები