23 დეკემბრიდან „ლეგატოს“ ქსელი დაკეტილია. აღიშნულთან დაკავშირებით კომპანიის დამფუძნებელმა და იურისტმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და მიმართვის ტექსტი გაავრცელა.
„მსურს გავაკეთო განცხადება კაფე-საკონდიტრო „ლეგატოს” ქსელში დასაქმებულთათვის და ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის. ამა წლის 23 დეკემბრიდან ლეგატოს ქსელის წინააღმდეგ დაიწყო მიზანმიმართული კამპანია, რის შემდეგაც თბილისში არსებულ ყველა ფილიალი კომპანიის დირექტორის წინასწარი ინფორმირებისა და გაფრთხილების გარეშე ორგანიზებულად დაიკეტა და ვეღარ ვახერხებთ ერთგული მომხმარებლის გამასპინძლებას. ამაში, სამწუხაროდ, ჩართული აღმოჩნდა კომპანიის 100-მდე თანამშრომელი. დაარსების დღიდან 2012 წლიდან კოლექტივმა არაერთი სიძნელე, მათ შორის პანდემიის პერიოდიც წარმატებით გადალახა. შევძელით მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა არსებული კონტიგენტი და შეგვექმნა შრომის ღირსეული პირობები თითოეული მათგანისთვის” – აღნიშნა ჯემალ ბაღათურიამ „მედიაცენტრ მთავარში“.
მისივე ინფორმაციით, თანამშრომლები გაფიცვის მოტივით აიძულეს რომ სამსახურში არ გამოცხადებულიყვნენ.
„მიუხედავად ამისა, მიმაჩნია რომ მოხდა დასაქმებულების შეცდომაში შეყვანა და გარკვეულ პირთა პირადი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, ვითომდა გაფიცვის მოტივით, დასაქმებულები აიძულეს არ გამოცხადებულიყვნენ სამუშაო ადგილზე, რითიც მნიშვნელოვანი რეპუტაციული და ფინანსური ზიანი ადგება კომპანიას. საფრთხის ქვეშ დგება არა მარტო კომპანიის ფინანსური ვალდებულებების შესრულება, არამედ თანამშრომელთა დასაქმებულების მხრიდან ჩემთვის არავის მოუმართავს შრომითი თუ სხვა პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. კომპანიას დასაქმებულების მიმართ არ გააჩნია არავითარი სახელფასო დავალიანება.
ნამდვილად არ გვსურს, რომ უპასუხისმგებლო ქმედებების გამო, ადამიანები დარჩნენ სამსახურის გარეშე, რაც შეეხება კომპანიის წინააღმდეგ აგრესიული კამპანიის ორგანიზატორებს, თუ მათი მხრიდან კვლავ გაგრძელდება მსგავსი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, მათ მიმართ მივმართავთ შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს!”
„ლეგატო” კვლავ მოუწოდებს თანამშრომლებს და მომხმარებლებს, რომ ეს რთული პერიოდი, რაც საკონდიტროშია ერთად გადალახონ.
“მივმართავ, თითოეულ თანამშრომელს, მათ ვინც იზიარებს ლეგატოს ღირებულებებს, დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს, დავძლიოთ ეს ვითარება, მივიღოთ ორივე მხარისთვის მისაღები კომპრომისები, ყველა პრობლემური საკითხი, თუკი ასეთი არსებობს, გადავჭრათ მოლაპარაკებების გზით და გავაგრძელოთ შრომა ჩვენი კომპანიის და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენ ერთგულ მომხმარებელს, რომლებიც გაგებით მოეკიდნენ დროებით შექმნილ სიტუაციას და პირობას გაძლევთ კაფე-საკონდიტრო ლეგატო მალე დაგიბრუნდებათ. კვლავინდებურად შეეცდება გაგილამაზოთ წინასაახალწლო დღეები და შემოგთავაზოთ თქვენი საყვარელი ტკბილეულის ფართო ასორტიმენტი” – აცხადებს ჯემალ ბაღათურია.