ადვოკატების ვერსიით, სმიტები პროფესიონალებმა მოკლეს – გამოძიებამ საქმეში ცხენები ჩართო

​ხადას ხეობაში, 6 თვის წინ გაუჩინარებული ოჯახის, ამერიკელი სმიტების მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსის ადვოკატები პროკურატურას გამოძიების არაკვალიფიციურად წარმართვაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ იმ ვერსიის გასამყარებლად, თუ როგორ შეძლებდა სუსტი აღნაგობის მწყემსი ზრდასრული მამაკაცის გვამის გადამალვას, საქმეში ცხენები ჩართეს.

როგორც მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, საქმეში ცხენები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მიხვდნენ, რომ 50 კგ წონის ადამიანი 100 კგ-ს გვამს დაუხმარებლად ვერ გადააადგილებდა.

მათივე თქმით, კობაურის მხრიდან არც გვამებზე შემხებლობა დასტურდება. 

“2 – 3 კვირის შემდეგ გაახსენდათ ცხენები. რადგან 50 კგ წონის ადამიანს 100 კგ-ს გვამის გვამის 1,5 კმ-ის მანძილზე გადაადგილება გაუჭირდებოდა. ​დაისვა კითხვა, რით გადააადგილა გვამები. გამოითქვა ვერსია – ცხენებით, რომლებიც სხვა მწყემსებს ჰყავდათ. ცხენებისგან აიღეს ბიოლოგიური მასალა”, – აცხადებს კობაურის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.

მისივე თქმით, საქმეში, ასევე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება რა მეტეოროლოგიური პირობები იყო იმ დღეს და შეიძლებოდა თუ არა გვამები წყალს წაეღო.

“ამბობენ, რომ როცა ლორა სმიტი და ბავშვი იპოვეს, მანამდე აიარეს იმ ტერიტორიაზე და არ დახვდა ბრაიან სმიტის გვამი. თუმცა, ბუნებამ ხელი შეუწყო გამოძიებას და ზუსტად იმ დროს, როცა შებინდდა და სამძებრო სამუშაოები შეაჩერეს, ამ მომენტში უხვი ნალექი მოვიდა, ადიდდა წყალი, ჩამოიტანა გვამი იქ, სადაც მაშველები იყვნენ განთავსებულები. ამის შემდეგ წყლის დონემ დაიწია და მაშველებმა განაგრძეს ძებნა, ანუ წყლის დინებამ მათ ბრაიან სმიტის გვამი მიუტანა. ასეთი სახით ნაფიცი მსაჯულების შეცდომაში შეყვანა ვერ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის არის გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულება საქმისადმი”, – აცხადებენ ადვოკატები. ​

მათი ვერსიით, სმიტების ოჯახი პროფესიონალმა მკვლელებმა იმსხვერპლეს. მტკიცებულებები მაქსიმალურად არის განადგურებული და საქმე იმდაგვარად არის შესრულებული, რომ პროკურატურას არც ერთი მტკიცებულება არ აქვს ხელში, გარდა კობაურის პირველადი ჩვენებისა, რომელიც, დაცვის მხარის აზრით, დაშინებითა და მოტყუებით მიაცემინეს. მკვლელობის ადგილიც კი არ არის ზუსტად დადგენილი.  

“ნივთები იმდენად არეულია, კაცის ფეხსაცმელი არის ქალთან, ბავშვის ფეხსაცმელი კაცთან, რომ სად იყო მკვლელობის ადგილი, ძნელია დადგენა. რაც მთავარი, კობაურმა ამხელა დანაშაული ჩაიდინა, ფოტოაპარატი, ნიჩაბი, ბავშვის სათამაშოები გადააადგილა, ხოლო მისი შემხებლობა, არც ერთ ნივთზე არ დასტურდება, ეს არ ქმნის ეჭვის საფუძველს? “, – აცხადებენ მალხაზ კობაურის ადვოკატები.

მათივე თქმით, კობაურს აღიარებითი ჩვენება დაუწერეს და შემდეგ წააკითხეს, სხვა შემთხვევაში, პროკურატურას, მისი დაპატიმრების საფუძველი არ ექნებოდა.  

მოამზადა – შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები