„ვერ დავწერდით, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მძიმე ავადმყოფი“ – ალექსანდრე გეჯაძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივცემდით ბატონ შალვას მისთვის პოზიტიურ დასკვნას, ანუ ვერ დავწერდით, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი”,- ამის შესახებ  სამედიცინო ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ  ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ექსპერტმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მძიმე ბრალდებებს უპასუხა და განმარტა, თუ რას ითხოვდა ხაჭაპურიძე მისგან.

,,სანამ ბატონი შალვა ხაჭაპურიძე ოფიციალურად ჩაერთვებოდა მიხეილ სააკაშვილის საქმეში, ჩემთან იყო მოსული, მითხრა, რომ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატობას. ყოყმანობდა, არ იცოდა მიიღებდა თუ არა ამ მოწვევას. შემდეგ გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახდა. ჩემთან კომუნიკაცია ჰქონდა მანამდეც და ადვოკატად გახდომის შემდეგაც. მაძლევდა გარკვეულ ზეპირ ინფორმაციას, რაც არ მაძლევდა შესაძლებლობას გავყოლოდი ადვოკატის სტრატეგიას, რათა დაწერილიყო, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი. იმ მონაცემებით, იმ დროის პერიოდში, მე ხაზს ვუსვამ რა ინფორმაციაც მე მაშინ მქონდა და ზოგადად რა დაავადებებზეც იყო ზოგადი ინფორმაცია, შალვამ ჩემი მხრიდან იცოდა, რომ აქ მე როგორც მძიმე ავადმყოფს, მე მხარს ვერ დავუჭერდი და ამ მიმართულებით ექსპერტიზაზე უარი ვუთხარი. ბუნებრივია, შალვას ჰქონდა მცდელობა,  რომ ”იქნებ ალეკო, როგორმე შენი ეგიდით ჩავატაროთ ეს ექპერტიზა,” რამეთუ ერთადერთი ცენტრია, სამხარაულის შემდეგ, რომელიც საექსპერტო დასკვნებზე მუშაობს სრული სტანდარტების დაცვით,”- აღნიშნა ალექსანდრე გეჯაძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

ექსპერტის თქმით, ვერ დაწერდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია.

,,ექსპერტიზების დროს, მთელ პასუხისმგებლობის ტვირთს იღებს ყველა ის კომისიის წევრი, რომელიც ხელს აწერს ექსპერტიზას. გავიარე კონსულტაციები სპეციალისტებთან და მათი ერთობლივი პოზიციაც იყო, რომ იმ დროს არსებული მონაცემებით, ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივცემდით ბატონ შალვას მისთვის პოზიტიურ დასკვნას, ანუ ვერ დავწერდით, რომ ის არის მძიმე ავადმყოფი”, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები