პარლამენტმა ვერც ომბუდსმენი, ვერც ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პარლამენტს სახალხო დამცველი სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია.

ომბუდსმენის პოსტზე განაცხადი სულ 19 პირმა გააკეთა. მათგან საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად მხარს ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს უჭერდა.

პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები აირჩია. მათ ასარჩევად 100-ხმიანი კვორუმი იყო საჭირო, თუმცა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა კანდიდატებმა პარლამენტისგან ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურების  არჩევას რეკომენდაცია არ გაუწია.

 

კომიტეტმა, ასევე არ გაუწია რეკომენდაცია ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილი: გიორგი მარსაგიშვილის, ნათია წიპტაურის, ლევან ისაკაძისა და ქრისტინე ქაჯაიას კანდიდატურებს.

კომიტეტის მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად,  პლენარულ სხდომაზე, საკითხის განხილვის გარეშე, კენჭისყრა კანდიდატებთან დაკავშირებით მაინც ჩატარდება.

 

„ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საკომიტეტო მოსმენა. იცით, რომ ის კანდიდატები, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილი, წინა კონკურსის დროს, როდესაც  ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ავირჩიეთ, კონკურენციაში იყვნენ სწორედ მათთან. შესაბამისად, ჩვენ, მაშინ, როდესაც ეს ადამიანები ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ, საუკეთესოებზე გავაკეთეთ არჩევანი და ისინი არიან დღეს არჩეული. ამ ადამიანებმა პარლამენტის ნდობა გაამართლეს და თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისას მათი კვალიფიკაცია გამოჩნდა და აისახა შესაბამის საერთაშორისო ანგარიშებში.

შესაბამისად ის, რომ კენჭისყრის დროს დღეს წარმოდგენილ კანდიდატებს  მხარდაჭერა არ ექნებათ, არ ნიშნავს და არ უსვამს ხაზს მათთან მიმართებით კვალიფიციურობის ან გამოცდილების დეფიციტს“, –  განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები