,,შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი აგრესიისთვის”- ზელენსკი

„ეს ბრძოლა არ შეიძლება, გაიყინოს, ან გადაიდოს. ეს არ შეიძლება იგნორირებულ იქნას, იმ იმედით, რომ ვინმე სხვა გაგვიწევს დაცვას“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკიმ კონგრესისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ მათ მიერ გაწეული ფინანსური დახმარება, არ არის ქველმოქმედება, არამედ ინვესტირებაა დემოკრატიაში. მან მოუწოდა კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ.

„თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ სანქციები, რათა რუსეთმა იგრძნოს, თუ რამდენად დამღუპველია მისი აგრესია სინამდვილეში. თქვენს შესაძლებლობებშია, დაგვეხმაროთ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვინც დაიწყო ეს არაპროვოცირებული და დანაშაულებრივი ომი. მოდით გავაკეთოთ ეს. დაე, ტერორისტმა აგოს პასუხი აგრესიისთვის და აანაზღაუროს ამ ომის შედეგად მიყენებული ზიანი.

გასულ წელს ბახმუტში 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ახლა იქ მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მცხოვრებია. მიწის თითოეული ინჩი სისხლითაა მორწყული. დონბასი ხელიდან ხელში გადადიოდა სასტიკი შეტაკებებისა და ხელჩართული ბრძოლისას, თუმცა უკრაინის დონბასი დგას. რუსეთი ბახმუტისა და სხვა ლამაზი ქალაქების წინააღმდეგ იყენებს ყველაფერს, რაც გააჩნია და ოკუპანტებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ არტილერიაში. მათ აქვთ უპირატესობა საბრძოლო მასალებში, აქვთ მეტი რაკეტები და თვითმფრინავები, ვიდრე ოდესმე გვქონია, მაგრამ ჩვენი თავდაცვის ძალები დგანან.

ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. დიახ, უკრაინამ უკვე წარადგინა შეთავაზებები, რაც  ახლახან განვიხილე პრეზიდენტ ბაიდენთან. ჩვენი მშვიდობის ფორმულა 10-პუნქტიანია, რომელიც უნდა განხორციელდეს ჩვენი ერთიანი უსაფრთხოებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბაიდენმა დღეს მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. თითოეული თქვენგანს შეუძლია დახმარების გაწევა ამის რეალიზაციისას, რათა ამერიკელების ლიდერობა დარჩეს მტკიცე, ორპალატიანი და ორპარტიული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები