შეიარაღებული თავდასხმა ლენტეხის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის  ფაქტზე, ერთ პირს  ბრალდება წარუდგინა. 

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 ნოემბერს,  დაბა ლენტეხში, ბრალდებულმა, დაბა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა, რა  დროსაც, ცეცხლსასროლი იარაღიდან  გასროლით დააზიანა აღნიშნული შენობა, რასაც მოჰყვა ხანძარი.

 ,,გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო ვაზნებს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,  ამოღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი  და 10 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო ვაზნა.

 სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები