კაცს, რომელმაც ცოლს 16 ჭრილობა მიაყენა, 19–წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომში ცოლის დაჭრაში ბრალდებულ კაცს 19-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, – ინფორმაცას ადგილობრივი მედია “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

სასამართლოზე საქმის პროკურორმა დანაშაულის ჩადენის დღე გაიხსენა და ბრალდებულის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა:

“გენდერის ნიშნით, სტერეოტიპული: [მამაკაცია ოჯახში უფროსი და ქალი უნდა ემორჩილებოდეს მას] და მესაკუთრეობრივი დამოკიდებულების გამო, ქალს არ ჰქონდა სოციალური ქსელი, მის [მეუღლის] უკითხავად არ ჰქონდა სახლიდან გასვლის უფლება. ბრალდებულმა მეუღლეს დანით 16 ჭრილობა განზრახ მოკვლის მიზნით და განსაკუთრებული სისასტიკით მიაყენა”  – თქვა  საქმის პროკურორმა.

მისი თქმით, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დედასაც, გარდა ამისა, მომხდარ ფაქტს, შეესწრო დაზარალებულის და ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილიც.

პროკურორის თქმით,  ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ დაზარალებული იყო მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის დროს, ისევ მეუღლეზე ძალადობის გამო, პირობითი მსჯავრი ჰქონდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს თუ ბრალდებული ამ ეტაპზე უცნობია.

ცნობისთვის,  მიმდინარე წლის 1-ელ მაისს გიორგი კაბულაშვილ ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა. იგი სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე დააკავა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

აღნიშნული ქმედების გამო, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს, მოგვიანებით ბრალდებულს  ბრალი დაუმძიმდა.

მსგავსი თემები