,,მეუბნებოდა, მოდი, კალთაში ჩამიჯექიო, მკოცნიდა, უხერხულად მეფერებოდა“ – რა წერია 12 წლის ბიჭის ჩვენებაში, რომელიც მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

თბილისის ერთ ერთი საფეხბურთო გუნდის აღსაზრდელი 34 წლის მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. საქმეში დევს დანაშაულის 4 ეპიზოდი, მათ შორისაა საზაფხულო შეკრება და ბავშვის ნაქირავებ ბინაში წაყვანის ფაქტი.

ავტომობილი, ნაქირავები ბინა და სპორტსმენების საზაფხულო საცხოვრებელი – ეს ის ადგილებია, სადაც 12 წლის ბიჭის ჩვენებით, ფეხბურთის მწვრთნელი მას სექსუალურად ავიწროებდა. დაზარალებული მოზარდი ჩვენებაში წერს, რომ კლუბის დირექტორი მას ინტიმურ ადგილებზე ეხებოდა და აიძულებდა, მომხდარი არავისთვის ეთქვა. ბავშვმა, რამდენიმე შემზარავი ფაქტის შემდეგ, მწვრთნელის ქმედებები ჯერ თანაგუნდელებს, შემდეგ კი, მშობლებს გაუმხილა. “კურიერმა” დახურული საქმიდან დაზარალებული არასრულწლოვნის ჩვენება მოიპოვა, რომელიც მძიმე შინაარსისაა და მას მხოლოდ ნაწილობრივ ვასაჯაროებთ:

“მწვრთნელი მეუბნებოდა, მოდი, კალთაში ჩამიჯექიო. მკოცნოდა და თან მეჩურჩულებოდა, განსაკუთრებულად მიყვარხარო. უხერხულად მეფერებოდა. ვეღარ მოვითმინე და ქალაქგარეთ ყოფნისას, გუნდელებს მოვუყევი, იმედი მქონდა, რომ დამიცავდნენ. ბოლოს რომ მოხდა მსგავსი, დედას მივწერე და ვთხოვე ე.წ. “ზბორებიდან” წავეყვანე. მოვიმიზეზე მწვრთნელთან, რომ დედა მენატრებოდა. მალევე მამამ ჩამომაკითხა და წამიყვანა,” – წერია ჩვენებაში.

ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ რაც ბავშვი ალაპარაკდა, მისი მშობლები მწვრთნელს შეხვდნენ. სავარაუდო მოძალადემ ყველაფერი უარყო და მოსწავლე სიცრუეში დაადანაშაულა, პარალელურად, პოლიცია გამოიძახა და დაზარალებულის ოჯახის წევრებს შანტაჟი დააბრალა. მალევე, საფეხბურთო კლუბის დირექტორი მძიმე ბრალდებით სამართალდამცველებმა ქუჩაში დააკავეს.

ცნობილი საფეხბურთო კლუბის დირექტორის უფლებადამცველები შეკითხვებს თავს არიდებენ. ადვოკატი ბრალს აბსურდულს უწოდებს.

“კურიერმა” დახურული საქმის მასალებიდან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მწვრთნელის ჩვენებაც მოიპოვა. ის არ მალავს, რომ მოწაფესთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ამას ბავშვის დეპრესიულ ხასიათს უკავშირებს.

“ვამხნევებდი, ვეუბნებოდი, რომ გუნდის ლიდერი იყო. გამხნევებისას შემოვეხვიე და გულში ჩავიკარი. როგორც მახსოვს, მგონი, ვაკოცე კიდეც კისერში. რაც შეეხება უხერხულ ადგილებზე მოფერებას, ამას გამოვრიცხავ. ცალკე შეხვედრები მქონია ამ მოწაფესთან, თუმცა ისე, როგორც გუნდის კაპიტნისა და მწვრთნელის შეხვედრა” – წერია ჩვენებაში.

საქმეში მყარ მტკიცებულებებზე მიუთითებს პროკურატურა. “კურიერმა” ბრალის დადგენილება მოიპოვა. დოკუმენტის მიხედვით, საქმეში, ჩვენებების გარდა, მიმოწერებიც დევს.
მწვრთნელი დაკავებულია. საწვრთნელ ბაზაზე მომხდარის დეტალებზე საუბარს ერიდებიან.

“კურიერი” ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირა. უწყებიდან გვაცნობეს, რომ მწვრთნელის დაკავების შემდეგ, მას და მის სკოლას საქმიანობა აეკრძალა.

34 წლის მწვრთნელის საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო დახურულ რეჟიმში 5 იანვარს დაიწყებს. ბრალდებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალურ სასჯელად 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები