„ყოველდღიურად გვეუბნებიან, თუ არ ვიქნებით ჩუმად, მოგვექცევიან ისე, როგორც რუსეთში ექცევიან ოპონენტებს, ამ მიზნებს ემსახურებოდა გიორგი კირთაძეზე თავდასხმა” – ნიკა მელია

ოლიგარქის ხელისუფლება ყალბ და ეფემერულ მშვიდობაზე საუბრობს საქართველოს დაუძინებელი მტრის, რუსეთის იმპერიის მიმართ და ამის პარალელურად თესავს არეულობას, შუღლსა და მტრობას საქართველოში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „მსგავსი ქმედებები ვერასდროს გახდება მისაღები ნორმა საქართველოს მოქალაქეებისათვის“.

„რუსეთის დავალებით ებრძვიან თავისუფლების და თავისუფალი აზრისა და ქმედების ნებისმიერ გამოვლინებას, რუსული ბოლშევიკური სულისკვეთებით, თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ცდილობენ, ფიზიკურად გაანადგურონ რეჟიმისადმი დაუმორჩილებელი ადამიანები. ყოველდღიურად გვეუბნებიან, რომ მშვიდობა მათი გაგებით მონობაა და თუ არ ვიქნებით ჩუმად, მოგვექცევიან ისე, როგორც ოპონენტებს მხოლოდ რუსეთში ექცევიან: აწამებენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, გამოცხადებული აქვთ სიკვდილის ქრონიკა და ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ. ამასვე ემსახურებოდა ასევე პირდაპირ ეთერში ბათუმში დღეს ნანახი კადრები – არ გაბედო წინააღმდეგობა, არ გაბედო ბრძოლა და არც კი იფიქრო გამარჯვება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურებოდა დღეს გიორგი კირთაძეზე თავდასხმა. ადამიანზე, რომელიც არის ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერი კონკრეტული ხედვებით, როგორი უნდა იყოს ბათუმი, აჭარა და საქართველო, ადამიანზე, რომლის მიმართაც ვერავის ექნება ვერანაირი წყენა ან შუღლი, ადამიანზე, რომელმაც დაამარცხა „ოცნება“ მერის არჩევნებში უპრეცედენტო ზეწოლის, დევნისა და გაყალბების პირობებში. ეს არის სახელმწიფოს მართვის რუსული მეთოდი, როდესაც ხალხისთვის სათქმელი აღარაფერი გაქვს, გარდა ასეთი აგრესიული ქცევისა.

ყველას უნდა ახსოვდეს, მსგავსი ქმედებები ვერასდროს გახდება მისაღები ნორმა საქართველოს მოქალაქეებისათვის, იმიტომ რომ საუკუნეების სწრაფვა, ისევე როგორც ქვეყნის მომავალი, არის ევროპული. ასეთი ქმედებისთვის ყველა აგებს პასუხს, ასეთი საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, თუმცა საქართველო ვერც ისეთი გახდება, რასაც ოლიგარქი ცდილობს, რომ შეგვაგუოს. ქვეყანაში, სადაც მისწრაფება არის ევროპული, რუსული იდეოლოგია და მისი მთავარი ინსტრუმენტი, ოლიგარქი ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები