,,არ უნდა დავკავდეთ მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს ერთი ჭირვეული პატიმარი”- თეა წულუკიანი

,,ევროკავშირის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტი არის უდიდესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის და არ უნდა დავკავდეთ მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს ერთი ჭირვეული პატიმარი,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, რუმინეთში ხელმოწერილ ისტორიულ დოკუმენტს უფრო მაღალ ხარისხში აჰყავს საქართველოს გეოსტრატეგიული როლი.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩვენს ქვეყანას ჰქონდა უპრეცედენტო მნიშვნელობის და ისტორიული ვიზიტი. მინდა, მივულოცო ჩვენს ხალხს ეს წარმატება. ჩვენ ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით და სხვა პირველი პირების, მეზობელი და მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით ევროკავშირის ფარგლებში ხელმოწერილი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელსაც კიდევ ერთხელ უფრო მაღალ ხარისხში აჰყავს საქართველოს გეოსტრატეგიული როლი და მნიშვნელობა. არა მხოლოდ რეგიონებს შორის დამაკავშირებელი ფუნქციის სახით, არამედ როგორც ევროპული დიდი სივრცის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშის როლით. ეს არის უდიდესი ამბავი ჩვენი ქვეყნისთვის და ასეთ ამბებს ერთმანეთს უფრო აქტიურად უნდა ვულოცავდეთ და არ ვიყოთ დაკავებული მხოლოდ იმ ნეგატივზე საუბრით, რომელსაც იწვევს, მაგალითად, რომელიღაცა ერთი ჭირვეული ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმარი დღეს რას მიირთმევს, რას – არა, იმკურნალებს, თუ არა. ჩვენი ხელისუფლება ვიდრე იქნება, და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და ვიმუშავებთ იმაზე, როგორ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის როლი როგორც გეოპოლიტიკურად, ისე გეოსტრატეგიულად“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები