ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ დათუნაშვილს ბოდიში მოუხადა – შერიგება არ შედგა

დღეს, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გამართულ საგანგებო სხდომაზე, ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს ბოდიში მოუხადა, მაგრამ ამის მიუხედავად, დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება არ შედგა.

„ვეტერანები და პრეზიდიუმის წევრები საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ, ერთი ოჯახი ვართ, ამ შერიგების შემდეგ კი არავინ დაიჩაგრება. ჩემი პოზიცია იყო ისეთი, რომ მე ამ ადამიანთან ვერ ვიქნები. თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი. მე გამიშვან. თუ არ გამიშვებენ, დამბლოკონ.

მე ვუთხარი, რომ არ მინდა ასეთი პრეზიდენტი, თქვენ თუ გინდათ, გყავდეთ ასეთი პრეზიდენტი. ჩემი კარიერის გადასარჩენად ერთი გზა მაქვს, რომ წავიდე, სხვა ქვეყნის სახელით გამოვიდე…

გეგა არ არის ამის მომხრე, მაგრამ გეგამ უნდა შეუქმნას ის პირობა სპორტსმენს, რომ არ მოუნდეს სპორტსმენს წასვლა. თქვეს, რომ მათ არ ეხებოდათ მარტო ჩემი წასვლის საკითხი, პარლამენტში უნდა იკითხონ, სპორტის სამინისტროსთან უნდა იკითხონ და ამის შემდეგ გადაწყვეტენ,“ – განაცხადა დათუნაშვილმა ჟურნალისტებთან, დახურული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც თანამდებობაზე მუშაობა კვლავ გააგრძელა .

დღეს კი, ფედერაციაში მიმდინარე სხდომის პარალელურად, გეგა გეგეშიძის გადადგომის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავდნენ.

მსგავსი თემები