„ქართულ მხარესაც მიუძღოდა ბრალი საომარ მოქმედებებში” – სარჯველაძე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ჰააგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე ამბობს, რომ დოკუმენტში ჩაწერილი იყო, რომ ქართულ მხარესაც მიუძღოდა ბრალი საომარ მოქმედებებში.

“შეცდომა იყო ის, რომ მნიშვნელოვან სამართლებრივ დოკუმენტებში გაპარული იყო, თუ შეგნებულად იყო ჩაწერილი, მაგრამ იყო ჩაწერილი ფაქტია ის, რომ მათი შეფასებითა და  თანხმობით, რომ ქართულ მხარესაც მიუძღოდა ბრალი იქ საომარ მოქმედებებში, იქ ცალკეულ ომის დანაშაულებში. რბილი შეფასება რომ გავაკეთოთ, ეს არის ფატალური შეცდომა, თუ უფრო მკაცრ სახელს არ დავარქმევთ ამ ყველაფერს და არ ვიტყვით, რომ ეს არის მოღალატეობრივი პოზიცია ჩვენი ეროვნული ინტერესებისა”,- ამბობს სარჯველაძე.

ჰააგის სასამართლომ  აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა, რის შედეგადაც  საქართველოს მიერ ჩადენილი არანაირი დანაშაული არ დამტკიცდა. საერთაშორისო ტრიბუნალს არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წაუყენებია. დამნაშავეებად ჰააგამ რუსები და პრორუსი  სეპარატისტები გამოაცხადა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი აცხადებს, რომ ამით  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიების ერთი ეტაპი დასრულებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ან საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შესახებ გამოძიება აღარ გრძელდება.

გადაწყვეტილების შესახებ პროკურორმა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას უკვე მიაწოდა, რის შემდეგაც “ქართულმა ოცნებამ” რიტორიკა შეცვალა. მმართველი გუნდს ახლა ახალი გზავნილი აქვს: ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილება მათი დამსახურებაა.

მსგავსი თემები