„ევროპარლამენტის რეზოლუციამ პირდაპირ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს” – გიორგი ვაშაძე

ევროპარლამენტის რეზოლუციამ პირდაპირ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიასთან მიმართებაში, მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, რას აპირებთ? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძემ ზურა ჯაფარიძესთან („გირჩი-მეტი თავისუფლება“) და ელენე ხოშტარიასთან („დროა“) ერთად ბრიფინგი გამართა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებას გამოეხმაურა.

„სიტუაცია არის უმძიმესი. დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ და მკაფიოდ არის ნათქვამი სამწუხაროდ ის, რომ საქართველო არ ადგას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აგვარიდოს ევროპულ ინტეგრაციას. პირველად ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ ნათქვამია მკაფიოდ პერსონალური სანქციების შესახებ ბიძინა ივანიშვილის და მის გარემოცვასთან მიმართებაში. პირველად ევროპარლამენტის რეზოლუციამ პირდაპირ და ცალსახად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი როგორც მიხეილ სააკაშვილის, ასევე ნიკა გვარამიასთან მიმართებაში. მინდა, მივმართო მას, პასუხი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტის რეზოლუციას გასცა არის ეს წამების ამსახველი დამონტაჟებული ვიდეო. ეს ვიდეო მოიცავს სხვადასხვა პერიოდს წლის მანძილზე და პირდაპირ ასახავს, რა მძიმე მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი.

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. თქვენ სრულიად ევროკავშირმა მოგმართათ და დაგაკისრათ პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯი გადადგათ. „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, ეს არის ფაქტი. შესაბამისად ჩვენ გვაინტერესებს მკაფიო პოზიცია თქვენი მხრიდან. მოლოდინი, რომ სასამართლომ ეს უნდა ქნას, დამთავრდა. თქვენ რას აპირებთ, ეს გვაინტერესებს კონკრეტულად და მოგმართავთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის პირდაპირ ნახსენები“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დღის მანძილზე შევხვედრები გამართეს ოპოზიციონერ კოლეგებთან.

„რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს. დღეს, დღის მანძილზე გვქონდა კომუნიკაცია ოპოზიციურ კოლეგებთან. გვქონდა სხვადასხვა აქტიურ ჯგუფებთან კომუნიკაცია და პირდაპირ ვამბობ, ყველაფრის ტელევიზიით ყურების დრო აღარ არის. „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის მოსპობა ტყვიის გარეშე. პირდაპირ ვთქვათ, დააბრალოს ეს უამრავ საკითხს და შემდეგ ამ ფაქტის წინაშე დაგვაყენოს. მე არ მგონია, რომ ჩვენ, რომელიმე საქართველოს მოქალაქეს გვაქვს უფლება ამ ფაქტს შევეგუოთ. მით უმეტეს, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, დიახ, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებაზე გადის ევროპული პერსპექტივაც, რადგან ევროკავშირში ვერ მიიღებენ ვერც ერთ შემთხვევაში სახელმწიფოს, რომელიც კლავს ციხეში ყველას თვალწინ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ეს არის ძალიან კონკრეტული თვალსაჩინო ფაქტი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები