„როცა მიხვდნენ, რომ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდებოდა მუქარით და მხარდამჭერების შეკრებით, ჩაირთო სხვა მანქანა” – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე „ქრონიკასთან“ კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი თქმით, არის მცდელობა, რომ ჯანმრთელობის პოლიტიზების გზით სააკაშვილმა მოიპოვოს თავისუფლება.

„ერთხელ და სამუდამოდ ამ სპეკულაციებს უნდა დაესვას წერტილი და საზოგადოებამ უნდა გაიგოს სრული სიმართლე. ეს სპეკულაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. მოკლედ რომ შევახსენოთ საზოგადოებას რასთან გვაქვს საქმე: მსჯავრდადებული სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში ერთადერთი მიზნით, იმისთვის, რომ მოეპოვებინა მას და რადიკალურ ოპოზიციას არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლება. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ შსს და სუს-ის გამართული მუშაობის შედეგად სახელმწიფომ საზოგადოებას აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი და სააკაშვილი განთავსებული იყო პენიტენციურ დაწესებულებაში. აქედან დაწყებული, ეს ადამიანი იღებს ყველა იმ საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რომელიც არის გათვალისწინებული და მისი ყველა უფლება არის დაცული. ჩვენ გვედავებოდნენ, თითქოსდა საზოგადოებას ვუმალავდით, მაგრამ აქ პასუხია მარტივი – როგორ შეიძლება ვინმეს იგი დაუმალო, როცა მასთან 1500 ვიზიტორი იყო უკვე ნამყოფი. შემდგომში, მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი ვერ გათავისუფლდებოდა ვერც მუქარით, ვერც გზების ბლოკირებით და ა.შ. და ჩაირთო სხვა მანქანა, რომელიც მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის პოლიტიზებას და ჯანმრთელობის ხელოვნურად გაუარესების გზით ამ ადამიანის გათავისუფლებას. თავიდან დაიწყო თვითდაზიანების რეჟიმი, როცა გამოაცხადა შიმშილობა. მოშიმშილე ადამიანს, ნაცვლად იმისა, რომ მოეწოდებინათ შიმშილობა შეეწყვიტა, პირიქით, მოუწოდებდნენ, რომ ეს არ გაეკეთებინა, რადგან ეს მისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნებოდა და მაქსიმალურად უქეზებდნენ ამ პროცესს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, რომ შემდგომში ამ გზით ყოფილიყო თავისუფლება მოპოვებული“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მსგავსი თემები